ნულიდან მილიონებამდე: რუთ პორატი

ქალებისთვის ბიზნესის სფეროში თავის დამკვიდრება განსაკუთრებით რთულია, რადგან მათ უწევთ გადალახონ უამრავი დაბრკოლება და წინაღობა მაღალ პოზიციაზე მოსახვედრად. რუთ პორატი დღეს იმ ქალებს შორისაა, რომლებმაც ამ ბარიერების გადალახვა მოახერხეს. რუთი Google-ს და Alphabet Inc-ის მთავარი ფინანსური დირექტორია (CFO). ამ პოზიციის დაკავებამდე ის იყო ასევე მთავარი ფინანსური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი Morgan Stanley-ის ბანკში 2010 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით. 2020 წელს რუთი ფორბსის მიხედვით მე-16 ადგილს იკავებდა ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო Fortune-ის სიაში მე-7 ადგილს.

Photo Credits to ELI TAWIL/GOOGLE

რუთი ებრალია, ის სეილში, ინგლისში დაიბადა. ასაკით პატარა იყო, როდესაც მისი მშობლები კემბრიჯში, მასაჩუსეტში გადავიდნენ საცხოვრებლად, როდესაც მამამისი, დენი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. შტატში ისინი 3 წლის განმავლობაში დარჩნენ, შემდეგ კალიფორნიაში გადავიდნენ. რუთმა სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში განაგრძო და ხარისხი მოიპოვა ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგისტრის დიპლომი მან ლონდონის ეკონომიკის სკოლაში აიღო, მას ასევე დამთავრებული აქვს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლა.

Photo Credits to BLOOMBERG NEWS

რუთის კარიერა 1987 წელს დაიწყო, როდესაც ის Morgan Stanley-ში დაამტკიცეს პოზიციაზე. ის 1993 წლამდე აქ მუშაობდა. 1995 წლამდე ის ასევე მუშაობდა Smith Barney-შიც, თუმცა 1996 წლიდან სრულ განაკვეთზე Morgan Stanley-ში გადავიდა სამუშაოდ. 2003 წლიდან 2009 წლამდე ის იყო ვიცე-პრეზიდენტი ინვესტიციების დეპარტამენტში, შემდეგ კი ლონდონის ფილიალშიც გააგზავნეს. ამ პერიოდში მან შექმნა სისტემა, რომელმაც Amazon გადაარჩინა ვალებისგან. ფინანსური კრიზისში მუშაობა მან მერი მეკერთან ერთად მოახერხა. ამ დროს ის იყო Morgan Stanley-ს გუნდის ლიდერი და მთავარი მრჩეველი აშშ-ს ფინანსთა სამინისტროში. 2011 წელს HBO-მ ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღო, სახელწოდებით Too Big to Fail, რუთის როლს ჯენიფერ ვან დიკი ასრულებს.

„ამ მომენტში ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა.“

2011 წელს ის იყო Bretton Woods კომიტეტის წევრი, რომელიც International Monetary Fund-ის ორგანიზებით მოეწყო. 2013 წელს არაერთი გამოცემა, მათ შორის Bloomberg News, The New York Times და მრავალი სხვა, წერდა, რომ ბარაკ ობამა სწორედ რუთს დაასახელებდა აშშ-ს შემდეგ ფინანსთა მინისტრად, თუმცა მან უარი განაცხადა საბოლოოდ, რადგან სურდა, Morgan Stanley-ს დახმარებოდა კრიზისის დაძლევაში. მისი კარიერა გაანალიზა McKinsey & Company-მ, ამ ნაშრომის სათაური იყო „How Remarkable Women Lead.“ ის არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო ფინანსურ მენეჯერად. 2015 წელს რუთი Google-ში გადავიდა სამუშაოდ, როგორც აღმოჩნდა, მას კომპანია 70 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიდა. მისი ხელფასი 2020 წელს 46 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2018 წელს – 47 მილიონი აშშ დოლარი, 2016 წელს კი 39 მილიონი აშშ დოლარი. რუთი არის სტენფორდის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე ის მოღვაწეობს საგარეო ურთიერთობების კომისიაში და არის The Blackstone Group-ის წევრი.

აღსანიშნავია, რომ რუთს სიმსივნე ჰქონდა და ამ დაავადებას არაერთხელ, არამედ ორჯერ შეებრძოლება და დაამარცხა კიდეც. რუთმა ამ ყოველივეს შესახებ ბლოგიც კი დაწერა, რომელშიც იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მსგავსი დიაგნოზის მქონე ქალებს აქვთ.

ფორბსის მონაცემებით, ის 93-ე ადგილს იკავებს იმ ქალებს შორის, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით მოიპოვეს. მისი აქტივების ღირებულება 180 მილიონი აშშ დოლარია. დღეს, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მისი სამუშაო ორმაგად გაიზარდა, რადგან ახლა უფრო რთულია ბიზნესის სწორედ მართვა.

კომპანიაში მუშაობის პარალელურად, რუთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხმარება, რომ მცირე ბიზნესების პრობლემა მოაგვაროს და როგორმე ისინი შეინარჩუნონ.

„დღევანდელი სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია, რომ შევადარო სხვა კრიზისებს, რომელთა დროსაც მე ვმუშაობდი. დღეს ფინანსურ კრიზისს ჯანმრთელობის გაუარესებაც ერთვის, ეს კი პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში.“

როგორც რუთი აღნიშნავს, ის არაერთი ფინანსური კრიზისის მომსწრე ყოფილა და დღემდე ფიქრობს, რომ თითოეული კრიზისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და უმნიშვნელოვანესია მათი სწორად გამოყენება. დღეს პორატი პასუხისმგებელია ფინანსურ, ბიზნეს ოპერაციებსა და მცირე ბიზნესებთან კომუნიკაციაზე. 62 წლის ფინანსისტი ყოველდღიურად ცდილობს, რომ საქმე შეუმსუბუქოს უამრავ ადამიანს და მისი გამოცდილების წყალობით ეფექტურად ებრძოლოს ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიას.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.