ნულიდან მილიონებამდე: მეგ უიტმენი

ჟურნალ ფორბსის ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალების სიის მიხედვით მესამე ადგილს მეგ უიტმენი – იბეის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი იკავებს. მისი შთამბეჭდავი რეზიუმე არა მხოლოდ იბეიში, არამედ მრავალ სხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში საქმიანობას მოიცავს. უიტმენს უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული eBay-ში მუშაობისთვის. იგი ჟურნალ Fortune-ის მიერ რამდენჯერმე დასახელდა ყველაზე ძლიერი ქალების ხუთეულში. ჰარვარდის ბიზნეს რივიუმ(HBR) იგი დაასახელა ბოლო ათწლეულის მერვე საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად, ხოლო Financial Times-მა ის შეიყვანა იმ 50 ადამიანის სიაში, რომლებიც ათწლეულს აყალიბებს. დღეს მისი ქონება 6,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

უიტმენი დაიბადა ნიუ იორკში, 1956 წლის 4 აგვისტოს, მარგარეტ კუშინკისა და ჰენდრიკ უიტმენის ოჯახში. მას საკმაოდ წარჩინებული ოჯახი ჰყავდა დედისა და მამის მხრიდან და ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა მეგის ცხოვრებაში. უიტმენი Cold Spring Harbor High School-ში სწავლობდა. თავის მემუარებში, იგი ამბობს, რომ  კლასის ტოპ 10-ეულში შედიოდა. მან პრინსტონის უნივერსიტეტში მათემატიკა და მეცნიერება შეისწავლა და წარჩინებით დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი.

უიტმენმა თავისი კარიერა, როგორც Procter&Gamble-ის  ბრენდის მენეჯერმა 1979 წელს დაიწყო.  მოგვიანებით უიტმენი Bain&Company-ში გადავიდა, როგორც კონსულტანტი. ძალიან მძიმე და დატვირთული მუშაობის შემდეგ, გადაინაცვლა უფრო მაღალ რიგებში და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. უიტმენი 1989 წელს გახდა Walt Disney Company– ის სტრატეგიული დაგეგმვის ვიცე – პრეზიდენტი. ორი წლის შემდეგ კი იგი შეუერთდა Stride Rite Corporation– ს, იქამდე, სანამ 1995 წელს  Florists’ Transworld Delivery–ის  პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი გახდებოდა. 1997 წლის იანვრიდან იგი ხელმძღვანელობდა ორი ბავშვთა ბრენდის, Playskool და Mr. Potato Head, გლობალურ მენეჯმენტსა და მარკეტინგს. მან ასევე აშშ-ს სატელევიზიო სივრცეს ბრიტანეთის ბავშვთა სატელევიზიო შოუ, „Teletubbies“ შემოუტანა.

 (Photo by David McNew/Getty Images)

ის რომ დღეს ebay ასეთი მაღალშემოსავლიანი და წარმატებული კომპანიაა, შეიძლება ითქვას, რომ უიტმენის ძალიან დიდი შრომისა და გამჭრიახობის დამსახურებაცცა, რადგან 1998 წელს, როცა მეგი იბეის გუნდს შეუერთდა, კომპანიას სულ რაღაც 30 თანამშრომელი ჰყავდა და წლიური ბრუნვაც დაახლოებით 4 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. აღმასრულებელ დირექტორად ყოფნის პერიოდში, 2008 წლის ჩათვლით, კომპანია გაიზარდა დაახლოებით 15,000 თანამშრომლითა და $8 მილიარდი წლიური შემოსავალით. თავდაპირველად, როდესაც უიტმენი შეუერთდა eBay–ს, მან ძალიან მარტივი შავ-თეთრი დიზაინის ვებგვერდი შექმნა.  საიტს დიდი ხარვეზები ჰქონდა და სწორედ ამ პრობლემამ უბიძგა უიტმენს მოეფიქრებინა გამოსავალი და შეექმნა ახალი აღმასრულებელი გუნდი. 2002 წელს, PAYPAL მთლიანად eBay–ის შვილობილი კომპანია გახდა, რომლის ღირებულებაც 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. უიტმენი eBay–ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 2007 წლის ნოემბერში გადადგა, მაგრამ საბჭოში დარჩა და 2008 წლის ბოლომდე მსახურობდა ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დონაჰოს მრჩეველად. მან San Francisco Chronicle-სთან ინტერვიუში თქვა: „ჩემი აზრით, 10 წელი უახლოესი დროა იმისთვის, რომ ისეთი კომპანია, როგორიც იბეია, წამყვან პოზიციებზე დარჩეს. ახალი ხელმძღვანელობის, ახალი პერსპექტივისა და ახალი ხედვის დრო მოვიდა”.

 (Photo by ChinaFotoPress/ChinaFotoPress via Getty Images)

2011 წლის იანვარში უიტმენი შეუერთდა Hewlett-Packard (HP) დირექტორთა საბჭოს. იგი აქაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მისი ამ თანამდებობაზე მუშაობა არც ისე ნაყოფიერი აღმოჩნდა. 2013 წლის მაისში, Bloomberg LP-იმ უიტმენი დაასახელა, როგორც „ყველაზე წარუმატებელი აღმასრულებელი დირექტორი“, ამ სიაში ასევე შედიოდნენ Apple-ისა და IBM-ის აღმასრულებელი დირექტორები – ტიმ კუკი და ვირჯინია რომეტი. უიტმენის სამუშაოს შესრულების შემდეგ, HP-ის აქციები 30,7%-ით დაბლა დაეცა. 2017 წელს, უიტმენი გადავიდა HP Inc.–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ხოლო Hewlett Packard Enterprise (HPE)-ში გენერალურ დირექტორად დარჩა. ეს არც ისე დიდხანს გაგრძელდა და უიტმენმა ეს თანამდებობაც მალე დატოვა. მისი ეს წარუმატებლობა ცხოვრების დაღმართადაც შეგვიძლია აღვიქვათ.

Photo by Michael Buckner/Variety/Shutterstock (10014500c)

უიტმენი Quibi-ის გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. ჯეფრი კაცენბერგმა უიტმენს თავისი იდეა გააცნო მაღალი კალიბრის გართობის მობილურში გადატანასთან დაკავშირებით. ეს იდეა უიტმენს მოეწონა, რადგან პოტენციური ბაზარი ამ სერვისისთვის უშველებელი იყო, ტრენდებიც სწორად იყო შერჩეული და ნიშიც უნიკალური ჰქონდა. ჰოლივუდის სხვადასხვა ვარსკვლავები კი ამ პროგრამაში გასაოცარს ვერაფერს ხედავდნენ და მალე უწინასწარმეტყველებდნენ გაუქმებას. 2020 წლის სექტემბერში, ამოქმედებიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ, Quibi განიხილავდა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გაყიდვას ან შეძენას. მიუხედავად მისი $1,75 მილიარდი საწყისი ინვესტიციისა, მან ვერ შეძლო მიზნების მიღწევა. ჟურნალისტები და ექსპერტები უიტმენის ამ წარუმატებლობას ხელმეორედ ჩავარდნას უწოდებენ.

გარდა ამ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად მუშაობისა, უიტმენმა ინვესტიცია ჩადო eSports ორგანიზაციის Immortals Gaming Club-ში. მან ასევე 2019 წლის ნოემბერში შეიძინა FC Cincinnati-ის წილი.

უიტმენი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაშიც. 2009 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა, რომ ის კენჭს იყრიდა კალიფორნიის გუბერნატორობის კანდიდატად 2010 წლის არჩევნებში. მისი კამპანია ძირითადად თვითდაფინანსებით იყო, მაგრამ მან ჯერი ბრაუნთან წააგო.  საბოლოო ანგარიშების თანახმად, უიტმენმა $144 მილიონი დახარჯა საკუთარი პირადი სახსრებიდან. 2010 წლის მონაცემებით, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა თვითდაფინანსებული პოლიტიკური კანდიდატი აშშ-ს ისტორიაში. გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრის დროს, უიტმენმა ხაზი გაუსვა სამ მთავარ მიმართულებას: სამუშაო ადგილების შექმნას, შტატების მთავრობის ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფოს K-12 საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას. იგი ამტკიცებს, რომ „უმჯობესია დაიწყოთ მხოლოდ რამდენიმე რამ და დაასრულოთ ისინი, იმის ნაცვლად, რომ დაიწყოთ ბევრი რამ და დაასრულოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანი“. 2008 წელს The New York Times-მა უიტმენი მოიხსენია იმ ქალთა შორის, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა გახდეს ამერიკული შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.