პაციენტების იმედი Florence Nightingale-ში | ინტერვიუ მალინა ბერეკაშვილთან

2013 წლიდან თურქეთის ერთ-ერთ წამყვან და მაღალტექნოლოგიურ კლინიკა Florence Nightingale-ში მუშაობს. ქართველებს, რომლებიც ამ კლინიკაში სამედიცინო მზრუნველობის მისაღებად ჩადიან, სწორედ მალინა ბერეკაშვილი ეხმარება, რომ გამოჯანმრთელების გზაზე თურქეთის წამყვანი მედპერსონალისგან დროული და სწორი მკურნალობა მიიღონ. ენერგიული, ყურადღებიანი და პრინციპული ქართველი ქალი საქართველოდან ჩასული პაციენტებისთვის მთავარი საყრდენია. მუდმივად დინამიკაში მყოფი სულ ახერხებს, გასცდეს პროფესიულ მოვალეობას და პაციენტებს მეგობრის, მხარდამჭერის, გულშემატკივრის პოზიციიდან ელაპარაკოს და ამით მთავარი ‒დაავადებასთან ბრძოლის სურვილი და ჟინი გაუღვიძოს.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia

რის მიხედვით შეარჩიეთ პროფესია, რამ იქონია გავლენა გადაწყვეტილების მიღებისას?

ბავშვობაში იურისტობა მინდოდა, თუმცა ოჯახისგან მხარდაჭერა ვერ მივიღე. ამიტომ დასავლეთ ევროპული ენების შესწავლა გადავწყვიტე და შესაბამის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა იმავე წელს საბუთები გადავიტანე აღმოსავლეთმცოდნეობაზე, საბოლოოდ ჩემი პირველადი პროფესიაა აღმოსავლეთ ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა დედის საცხოვრებელმა ადგილმაც იქონია, ასევე იმანაც, რომ თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და იქ ჩემი მომავალი განვითარებისთვის დიდ პერსპექტივას ვხედავდი. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროფესიის შერჩევაზე გავლენა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. სწავლის დასრულების შემდეგ სტაჟირებაზე ანკარაში გავემგზავრე. საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი და ერთ-ერთ პროექტში მოვხვდი Rixos-ის წარმომადგენლობასთან, ასე განახლდა კავშირი თურქეთთან. შემომთავაზეს ბოდრუმში ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერის პოზიცია. გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო, ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, მით უფრო უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და განვითარებისთვის, თუმცა დავთანხმდი და აქედან დაიწყო თურქეთში ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარება.

საიდან იწყება მალინა ბერეკაშვილის კარიერული გზა?

სამსახური 17 წლის ასაკში დავიწყე, პირველ ეტაპზე თარჯიმნობით ვიყავი დაკავებული. გავიზარდე ოჯახში, სადაც სწავლას ანიჭებდნენ უპირატესობას, აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან ვიცოდი შრომის ფასი, რადგან ჩემს ოჯახში ყველა ყოველთვის მუშაობდა. 2010-2013 წლამდე კარიერაში ქორწინების გამო ტაიმ-აუტი მქონდა. როგორც უკვე გითხარით, თავიდანვე თურქულ მხარესთან მქონდა სამუშაო კონტაქტები, მათ შორის იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია. 2009 წლიდან თურქეთმა ინტენსიურად დაიწყო სამედიცინო ტურიზმის განვითარება. თურქეთის ჰოსპიტლები და კლინიკები, რომლებსაც რეგიონში ნამდვილად საუკეთესო სამედიცინო ინფრასტრუქტურა აქვთ, მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა მე ერთ-ერთ შუამავალ კომპანიაში ვსაქმიანობდი. ეს კომპანია, ქართველ პაციენტებს თურქულ კლინიკებთან აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიისგან არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მქონდა, გულწრფელად ვცდილობდი დავხმარებოდი პაციენტებს საქართველოდან და ეს ჩემთვის პირადი კმაყოფილების წყარო გახდა. ვცდილობდი, ბოლომდე მივყოლოდი პროცედურებს, ვეცნობოდი ყველა ანალიზის თუ კვლევის პასუხს, ვცდილობდი პაციენტებს დროულად მიეღოთ ყველა ის სერვისი, რომელიც მკურნალობის პროცესში სჭირდებოდათ. ჩემი ემპათია პაციენტებისადმი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თავად კლინიკებს, რომლებთანაც პაციენტების საჭიროებების გამო აქტიური კომუნიკაცია მქონდა. ერთ დღესაც თურქეთის საკონსულოდან დამიკავშირდნენ, მითხრეს რომ თარჯიმანი სჭირდებოდათ და თუ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა თანამშრომლობა შემომთავაზეს, ასე მოვხვდი პირველად Florence Nightingale-ში, ასე იწყება ჩემი ამბავი თურქეთის გავლენიან კლინიკაში, ეს 2013 წელს იყო.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia | ლოკაცია: „ნინიას ბაღი“

ასეთ წარმატებულ კლინიკაში მარტივი არ უნდა ყოფილიყო საკუთარი ადგილის დამკვიდრება, როგორ შეძელით აღიარების მოპოვება და კონკრეტულად რას საქმიანობთ ახლა ამ კლინიკაში?

სამედიცინო სფეროში კარიერულ განვითარებაზე არასოდეს მიფიქრია, იურისტობაზე ვოცნებობდი. როდესაც Florence Nightingale-ში მივედი ჩემი პირველი თხოვნა კლინიკის მენეჯმენტის მიმართ პაციენტების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ვიმუშავებდი. ვფიქრობ, ამან განაპირობა წარმატებული თანამშრომლობა და დღეს ვამაყობ, რომ არაერთ ქართველს მივეცით სწორი და დროული მკურნალობის და გამოჯანმრთელების შანსი, ასობით კმაყოფილი პაციენტი გავუშვით ამ კლინიკიდან და მჯერა, რომ ამით ფასდაუდებელ საქმეს ვაკეთებდით და ვაგრძელებთ ახლაც. პერსონალურად ჩემთვისაც ასეთი წარმატება არც ერთ სხვა სამსახურს არ მოუტანია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროში შესვლა ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. Florence Nightingale-ში თარჯიმნობით ვიწყებ, რასაც მალევე თანაშემწის პოზიცია მოჰყვება, ახლა უკვე კლინიკაში რეგიონული კორდინატორი ვარ. ასე ვფარავ საქართველოსთან ერთად საჭიროების შემთხვევაში ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. პროფესიონალიზმი, დაუღალავი შრომა და ნდობა – ეს ის სამი მთავარი კომპონენტია, რითაც ადამიანი წარმატებულ კარიერას შექმნი. არასოდეს დამზარებია 24/7-ზე მუშაობა, დღემდე ოჯახში მეუბნებიან, რომ პაციენტებისთვის ვცხოვრობ, ეს მართლაც ასეა და სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დაუღალავი შრომის გარეშე აღიარებას ვერ მოიპოვებ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ პირადად დავხმარებივარ პაციენტს, როცა მაგალითად, ამას ექთანი ვერ ახერხებდა. ჩემს საქმეს ჯაჭვური ეფექტი აქვს, პაციენტები ერთმანეთს გადასცემენ ჩემზე ამბებს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ წარმატებაში კმაყოფილი პაციენტების როლიც დიდია. ასევე ეს ჩემი გუნდის დამსახურებაცაა. როგორც მენეჯერი არ დავმალავ, რომ ცოტა მკაცრი და ცივი ვარ, ასე სჭირდება საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, რადგან როცა ადამიანის სიცოცხლეს ეხები, იქ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. 24 საათიანი მუშაობის პარალელურად არასოდეს შემიწყვიტავს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. გავიარე საავადმყოფოს მართვის მენეჯმენტის, სამედიცინო ტურიზმის კურსები. ასევე სპეციფიკური კურსები თარჯიმნებისთვის, რომელიც ოფთალმოლოგიას, ონკოლოგიას, ჰემატოლოგიას შეეხება. ზოგადად, თურქეთი ის ქვეყანაა, სადაც შრომა ძალიან ფასდება. ჩემი შრომის შედეგად, მე შევძელი და 85 მლნ-იანი ქვეყნის, 25 მლნ-იანი ქალაქის 8 ფილიალიან კლინიკაში „ქართული იმპერია“ შევქმენი.

ვინ არის პაციენტებისთვის მალინა ბერეკაშვილი? სად იწყება და სად მთავრდება პაციენტსა და თქვენს შორის კომუნიკაცია?

„შენ ხარ საქართველოს მოქალაქეების იმედი“ – ამას მე არ ვამბობ, ეს მათგან ხშირად გამიგია. „მალინასთან მივდივარ“ – ამ წინადადებას Florence Nightingale-ში ხშირად მოისმენთ და ეს ჩემთვის ბედნიერებაა. ამით ჩემთვის ყველაფერია ნათქვამი. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ და კიდევ ბევრ ადამიანს ვაჩუქებ სიცოცხლეს. პაციენტებისა და ჩემი ურთიერთობა იწყება თურქეთამდე ავიაბილეთის შეძენით და სრულდება მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ. ამ პერიოდში მე მათთვის ვაკეთებ ყველაფერს, იქნება ეს დახვედრა, კლინიკაში მიყვანა, ექიმთან შეხვედრა და მრავალი სხვა. როცა სახლის კარს გამოვკეტავ და როცა Florence Nightingale-ის კარი გაიხსნება მე სრულად ვეკუთვნი პაციენტებს და არა საკუთარ თავს.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia | ლოკაცია: „ნინიას ბაღი“

უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე რომელსაც აკეთებთ ემოციურად რთულია, როგორ ახერხებთ განწყობის, ცხოვრების ხალისის შენარჩუნებას?

ამ საქმეს ძალიან ბევრი სტრესი ახლავს თან. მკურნალობის შედეგი ყველასთვის ერთნაირი და 100%-ით იდეალური არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვცდილობ არასდროს დავნებდე და ჩემს პაციენტებსაც ეს ენერგია გადავცე; ყოფილა ეტაპები, როცა მიფიქრია სამსახურიდან წასვლაზე, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი ჩემს თვალწინ გარდაცვლილა. ასეთ დროს ჩემი პასუხისმგებლობაა, ტრაგედია ოჯახს შევატყობინო. ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ენერგიას ისევ ჩემი პაციენტებისგან ვიღებ, მახარებს მათი სასიკეთო შედეგები და ბედნიერი სახეები, როდესაც საავადმყოფოს გამოჯანმრთელებულები ტოვებენ და შემიძლია გითხრათ, რომ 10-დან 8 პაციენტი ასეთია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან და მასშტაბის წარმოსადგენად, შემიძლია გითხრათ, რომ თვეში საქართველოდან დაახლოებით 150 პაციენტს მხოლოდ მე ვიღებ. ეს უზარმაზარი შრომის ფასად ხდება. როგორ ვახერხებ განწყობის შენარჩუნებას? მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვთ ფერებს, ვარ ძალიან ფერადი, ეს მახალისებს მეც და ჩემი მძიმე პაციენტების განწყობაზეც დადებითად მუშაობს.

როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს დღეს თურქეთის სამედიცინო სისტემას ზოგადად და რა არის ის უნიკალური, რასაც თქვენი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს?

ყოველთვის ვამბობ, რომ ერთეული ექიმების პროფესიონალიზმისა და ცოდნის ხარჯზე სისტემა ვერ იმუშავებს. ის, რასაც თურქეთის სამედიცინო სისტემა და კონკრეტულად Florence Nightingale პაციენტებს სთავაზობს, არის მძიმე დაავადებების ეფექტურად მართვა. მართვაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ტექნოლოგიურად განვითარებული სამედიცინო სერვისის მიწოდებას, არამედ პაციენტის კვალიფიციურ, სრულყოფილ და სისტემურ მართვას, რომელიც დამოკიდებული ვერ იქნება ერთი სპეციალისტის პროფესიონალიზმსა და მონდომებაზე. თურქეთის სამედიცინო სისტემა რეგიონში ერთ-ერთი განვითარებულია და როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ მთლიანად სისტემის შესაძლებლობებს, მართონ მძიმე პაციენტი ეფექტურად. ამას ის სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის შესახებ უკვე გესაუბრეთ. ვფიქრობ, რომ სამედიცინო დაწესებულება, ზოგადად, ყველაზე მოწყვლადია რეპუტაციის კუთხით – თუ პაციენტზე შედეგები არ აისახება, კლინიკა ვერ იქნება წარმატებული. ამ მხრივ საუკეთესო შედეგები გვაქვს და ჩემს თვალწინ, 2013 წლიდან დღემდე, ეს სისტემა კიდევ უფრო ვითარდება, კიდევ უფრო მეტი გამოცდილება გროვდება, რაც საბოლოო ჯამში პაციენტების კეთილდღეობაზე აისახება.

საინტერესოა თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ გეგმავთ კარიერული გზის გაგრძელებას?

სულ ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა დავბრუნდე. ჩემი შვილი საქართველოშია, ჩემი ოჯახი საქართველოშია, მე კი საკმარისი გამოცდილება დავაგროვე იმისათვის, რომ ეს ცოდნა და უნარები ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო. ცხადია, კავშირი საქართველოსთან არასდროს გამიწყვეტია, მაგრამ ეს კავშირები ბოლო დროს ფრაგმენტული და დისტანციურია. ვისურვებდი, რომ მქონდეს შესაძლებლობა საქართველოში ვიმუშაო ისე, რომ თურქეთის სამედიცინო წრეებთან ჩემი მეგობრული ურთიერთობები ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენო. ახლა ვფიქრობ, რომ თუ იქნება კარგი შემოთავაზება საქართველოში დაბრუნებაზე უარს არ ვიტყვი. თუმცა მანამდე, დავასრულებ მაგისტრატურას და კლინიკის მართვის სრულყოფილი მენეჯმენტის დიპლომი მექნება, იმისთვის რომ თანამდებობა უფრო მაღალი რგოლის მენეჯმენტში დავიკავო.

ფოტო: ანა ბოკო/Forbes Woman Georgia | ლოკაცია: „ნინიას ბაღი“

ვერ ავცდებით კოვიდპანდემიაზე საუბარს, თანაც მაშინ, როცა ეპიდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა, როგორ გაართვით თავი ამ გამოწვევას?

პირველი და უმთავრესი რაც კოვიდპანდემიამ გვაჩვენა რომ სიცოცხლე ფასდაუდებელია. ეპიდემიის დროსაც კი 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, იყო პერიოდი, როცა კლინიკიდან საერთოდ არ გავსულვარ. ჩვენ თვალწინ შეიცვალა სამყარო, კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ ადამიანი და დავაფასეთ ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა საშუალებით მუდმივად ვცდილობდი აცრის პროპაგანდას, თავად 4 აცრა მაქვს გაკეთებული. მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ აცრა სიკვდილისგან გვიცავს.

ვიცით, რომ მედიცინის მიღმა სხვა სფეროთიც ხართ დაინტერესებული, რომელიც ძალიან შორს არის თქვენი ძირითადი საქმისგან, რა ხდება კლინიკასა და პაციენტებს მიღმა?

მიყვარს ხატვა, ტანსაცმლის და სახლის დიზაინი. ვხატავ კერამიკაზე, ეს მაბედნიერებს და სამომავლოდ ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები. შაბათ-კვირას ძირითადად ამ საქმით ვარ დაკავებული. კერამიკაზე ხატვა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ანტიდეპრესანტია.

ცხოვრების ამ ეტაპზე, როგორ გგონიათ სად არის წარმატების გასაღები, იმ წარმატების, რომელსაც ახალგაზრდა ქალმა სრულიად დამოუკიდებლად მიაღწია, სრულიად უცხო ქვეყანაში?

ზოგადად მიმაჩნია, რომ წარმატების გასაღები დაუღალავ შრომასა და მიზანდასახულობაშია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ვარ, არასოდეს მეშინია რისკების. დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის გარეშე მგონია, რომ ახლა იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ.