ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ბოლო დროის საუკეთესო პოეტური კრებულები დაასახელა, რომელთა შორისაც ქართველი პოეტის, დიანა ანფიმიადის წიგნი, სახელწოდებით „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“ (Why I No Longer Write Poems) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ The Poetry Translation Centre-ის პროგრამის ფარგლებში Bloodaxe Books-ის მიერ გამოცემულ ქართულ-ინგლისურენოვან კრებულში თარგმანი ბრიტანელი პოეტის, ჯინ სპრეკლენდისა და ნატალია ბუკია-პეტერსის მიერაა შესრულებული. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ასევე წიგნის შესავალი.
“The Guardian-ის მიერ ჩემი წიგნის ბოლო დროის საუკეთესო პოეტურ კრებულებს შორის დასახელება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფაქტი, რომ კრებული გამოიცა. ეს The Poetry Translation Centre-თან ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესის შედეგი და დაგვირგვინებაა. პროცესი 2014 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემი წიგნის მთარგმნელი, ნატალია ბუკია-პეტერსი დამიკავშირდა. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად ბრიტანულმა გამომცემლობამ გამოაქვეყნა „10 ქართველი პოეტი ქალის ანთოლოგია“, 2018 წელს კი ჩემი პატარა წიგნი დაიბეჭდა. ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის დაგვირგვინება იყო პოეტური კრებულის „Why I No Longer Write Poems“-ის გამოცემა“, – განაცხადა Forbes Woman-თან საუბრისას დიანა ანფიმიადმა.
აღსანიშნავია, რომ კრებულში როგორც ძველი, უკვე გამოქვეყნებული ლექსები, ასევე ისეთი პოეტური ნაწარმოებებიც არის შესული, რომლებიც ქართულ ენაზე ჯერ არ დაბეჭდილა. დიანა ანფიმიადის თქმით, ამ ლექსებს წიგნის სათაური – „რატომ აღარ ვწერ ლექსებს“ – აერთიანებს, რომლის მიღმაც დგას კითხვა – სად არის თანამედროვე ყოფაში პოეზიის ადგილი?
შეგახსენებთ, რომ პოეტური კრებული გერმანულ ენაზე ითარგმნა და 2020 წელს ავსტრიულმა გამომცემლობა Wieser Verlag-მა დაბეჭდა. ის ცოტა ხნის წინ გამოცემა The Calvert Journal-მა 2022 წელს წასაკითხ 10 წიგნს შორის დაასახელა.