ინტერვიუს სტრასბურგიდან დაბრუნებასა და ვაშინგტონში გაფრენამდე რამდენიმე საათიან შუალედში ვასწრებთ. ევროპაში ახალგაზრდული ცენტრების გამოცდილების გასაზიარებლად ჩავიდა, ვაშინგტონში კი მომავალი ლიდერებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოსაძიებლად მიემგზავრება. სექტორი 3-ისა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამფუძნებლის, ქეთევან ჩაჩავას ცხოვრების წესი უკვე ათ წელიწადზე მეტია ასეთია ‒ ძალიან ბევრი საქმე და ენერგია, ძალიან ცოტა დრო და დასვენება.
ენერგია
„ის, რომ ბევრი ენერგია მქონდა, ბავშვობიდანვე ვიცოდი და იცოდა ყველამ ჩემ ირგვლივ. ყველა ინიციატივა, სკოლაში სპექტაკლის დადგმით, სოციალური კამპანიებით დაწყებული მასწავლებლებისა და მოსწავლეების საერთაშორისო მობილობის კამპანიებით დამთავრებული, ჩემი თაოსნობით ხდებოდა. ვიზიარებ აინშტაინის სიტყვებს „სიგიჟეა, აკეთო ერთი და იგივე რამ და გქონდეს განსხვავებული შედეგის იმედი“, ამიტომაც, სულ პოზიტიურ ცვლილებებზე და ამ ცვლილებების გარშემო ადამიანების მობილიზებაზე ვიყავი ორიენტირებული.
თავიდან ეს ჩვეულებრივი მეგონა, მაგრამ როდესაც ამერიკაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ‒ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით ყოფნისას, 3000-ზე მეტი მოხალისეობრივი საათისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ჯილდო მადლობის წერილთან ერთად გადმომეცა და ამას წამყვანი უნივერსიტეტის სტიპენდია მოჰყვა, მივხვდი, რომ ეს განსაკუთრებული ამბავი იყო“.
განსაკუთრებული ენერგიის ხარჯვა საზოგადოებრივი საქმისთვის ჯერ უნივერსიტეტში დაიწყო, შემდეგ ახალგაზრდულ გაერთიანებებში საქართველოსა და ევროპაში. პირველი სერიოზული ნაბიჯი საქართველოში არასამთავრობო სექტორის ლიდერისა და დედის რანგში თითქმის ერთდროულად გადადგა.
„ჩემი პირველი არჩევნები, სადამკვირვებლო მისიის ლიდერის რანგში, 2010 წელს იყო, ამ დროს ვიყავი ფეხმძიმედ პირველ შვილზეც. 2012 წელს კი, როდესაც 1500 კაციანი მისიით ვაკვირდებოდით არჩევნებს 24/7ზე, მეორე პატარა დაიბადა. ჩემი კარიერა და ოჯახი თითქოს ერთდროულად იზრდებოდა. უკვე გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტი და დედა ვარ“.
4 შვილთან და ოჯახთან ერთად ენერგიას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჰაბს, ლიდერთა სკოლას, ექსპერტთა think tank-ს, ინტერ-რელიგიურ ჯგუფებთან და ახალგაზრდებთან მუშაობას, არჩევნებზე დაკვირვებას და მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის მმართველ კომიტეტში მუშაობას ახმარს.
საქმე
საქმეზე საუბარს CDD-ით ვიწყებთ, რომელიც თავად დააფუძნა. მასვე უკავშირდება 2017 წელს ინტერრელიგიური ჯგუფების დასავლური ვიზიტების გახმაურებული პროექტები, როდესაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ბრიუსელსა და ვაშინგტონში რელიგიური ლიდერები გაემგზავრნენ.
„CDD-ში ვცდილობდით, გვემუშავა ისეთ თემებზე, რასაც სხვა ორგანიზაციები ხელს ან არ/ვერ კიდებდნენ, მაგრამ, ამავე დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციისა და განვითარებისათვის. საქართველოს საპატრიარქოსთან მუშაობა 2013 წელს დავიწყეთ, შეიქმნა პროექტი ინტერ-რელიგიური ჯგუფებისთვის“.
კითხვაზე, ხომ არ იყო გამოწვევა რელიგიურ ლიდერებთან მუშაობისას ის ფაქტი, რომ პროექტს ქალი ხელმძღვანელობდა, ქეთი გვპასუხობს, რომ ‒ არა. იყო არაერთი საკითხი, გაუკვალავი გზა, მაგრამ ამ კუთხით ეს ჯგუფი პოზიტიურად გამოირჩეოდა.
„ნამდვილად ვერ დავიბრალებთ, რომ ჩვენ მოვახდინეთ სასწაული, იყო მზაობა და სურვილი და ჩვენ, უბრალოდ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი მეთოდოლოგიით შევთავაზეთ სასულიერო პირებს ინფორმაციის გაზიარება და დიალოგი.
დღემდე, ყველაზე მეტად ვამაყობ იმ ოფიციალური განცხადებით, რომელიც საპატრიარქოს დელეგაციამ გააკეთა ბრიუსელში 2016 წლის ვიზიტის შემდეგ ‒ რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი და სწორი ინფორმაცია ევროპული ინსტიტუტების შესახებ და რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, როგორც ქართველი ხალხის არჩევანს. ეს განცხადება, იყო პირველი დეკლარირებული ოფიციალური ფორმატის პოზიცია, რამაც საზოგადოებაში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არსებულ გარკვეულ კითხვებს, ვფიქრობ, ძალიან მკაფიო პასუხი გასცა“.
კიდევ ერთი და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სექტორი 3-ია. ეს არის ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივით, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ჩართულობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. სექტორი 3 ‒ ეს არის ჰაბი განვითარებისთვის, რომელიც თავს უყრის ინტელექტუალურ რესურსს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ქმნის შესაძლებლობებს ლიდერების აღმოჩენისთვის, ხელს უწყობს სექტორებს შორის კომუნიკაციას, ახალ ინიციატივებს და არსებული გამოწვევების გადაწყვეტას.
ქეთი ფიქრობს, რომ დღეს ქართულ სამოქალაქო სექტორს სწორედ ასეთი სტარტეგიული მიდგომა სჭირდება:
„სამწუხაროდ, რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლარიზება, მინიმუმამდეა დაყვანილი დისკუსია, ანალიზი, დიალოგი, გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს უშლის რეალური პრობლემების მოგვარებას. ეს პოლარიზება იმდენად აისახება არა მარტო პოლიტიკაზე, არამედ მედიაზე, სამოქალაქო სექტორზეც და უკვე მოქალაქეებზეც, რომ სწორედ აქ დავინახეთ ჩვენი როლი გავმხდარიყავით ერთგვარი ხიდი, რომელიც გააერთიანებს და არა დაყოფს. შექმნის სივრცეს ჯანსაღი დისკუსიისთვის, წაახალისებს დიალოგს, დააკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა, თუნდაც განსხვავებული პოზიციის მქონე ჯგუფებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოახდენს ადვოკატირებას და ასე დადებს ხელშესახებ შედეგს ქვეყნის განვითარების გზაზე“.
ასე შეიქმნა სექტორი 3, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა დაფუძნებული და საკუთარ თავში აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას: „ექსპერტთა ჰაბი“, „ლიდერთა ჰაბი“, „მედია ჰაბი“, გაცვლით პროგრამებსა და შესაძლებლობებს მკვლევარებისა და პროფესიონალებისთვის, ხელმისაწვდომ სივრცეებსა და რესურსებს ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის. შესაძლებლობების შექმნის პარალელურად სექტორი 3 ეწევა ადვოკატირებას, მასპინძლობს მაღალი დონის დისკუსიებს, Chatham House შეხვედრებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სტიმულირებას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.
ქეთი ამბობს, რომ ქართულ სამოქალაქო სექტორს, რომელიც დღეს ძლიერია ხელისუფლების მაკონტროლებელი მიმართულებით, განვითარება სწორედ ამ კუთხით სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ეს არის საკმაოდ ძლიერი Watchdog ორგანიზაციების არსებობა. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სამოქალაქო სექტორი მხოლოდ ამ მისიის ორგანიზაციებისგან შედგება. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის მედია, კვლევითი ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები და სხვა.
სექტორი 3 ‒ ქართული რეალობისთვის, ნამდვილად, განსხვავებული მოდელია, თუმცა ასეთი პოზიტიური პრაქტიკა არსებობს დასავლეთში. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ სივრცე, რომელიც პასუხობს გამოწვევებს და ხელს უწყობს ახალი სისხლის შემოდინებას საჯარო სექტორში“.
დრო და დასვენება
ქეთის და დროის ურთიერთობას ყველაზე კარგად ეს ამბავი აღწერს:
„ფეხმძიმედ ვიყავი. საკეისრო დანიშნული იყო 11 საათზე. იმავე დღეს 11 საათზე იწურებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის წარდგენის დედლაინი. ჯერ პროექტი შევიტანე და საკეისროზე დაგვიანებით მივედი. ექიმმა მგონი იფიქრა, რომ გადავიფიქრე“.
დრო თითქმის არასდროს ყოფნის. მისი დღე იწყება 8 საათზე და არ იცის როდის მთავრდება. თუმცა არაფერს შეცვლიდა, არც პროფესიულ და არც პირად ცხოვრებაში.
„ხშირად ვფიქრობ, რა არის ის, რაც ამ ენერგიას და ენთუზიაზმს მაძლევს?! ეს არის ჩემი ოჯახი და ბავშვები, რომლებსაც უდიდესი დრო, ენერგია და ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ მათ გარეშე ეს ენერგია არც იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სრული ნდობა მაქვს ჩემი ცხოვრების მეგზურსა და პარტნიორში. ასვევე ბედნიერი ვარ, რომ მყავს საოცარი გუნდი ‒ ადამიანები, რომლებთან ერთადაც საქმის კეთება მიხარია“.
ქეთი ფიქრობს 24/7-ზე მუშაობა არის ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ არა უკეთესი მომავალი, არამედ უკეთესი აწმყო გვქონდეს.
„არ ვიზიარებ გამოთქმას, რომ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენს შვილებსაც უკეთესი აწმყო და მომავალი ექნებათ“.
ფოტო: ანა ბოკო