პოეტი, მეღვინე ქალი ყვარლიდან | მანანა შატავიძე

მანანა შატავიძე, პოეტი, მეღვინე ქალია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მე-18 საუკუნეში აშენებულ გიგო პაპას მარანს მართავს. ეს იყო ადგილი, სადაც გასული საუკუნეების წინ ავლაბრელი მიკიტნები და სირაჯები ტიკჭორებით თბილისიდან ჩადიოდნენ და აქ დაყენებული ღვინო დედაქალაქის დუქნებში მიჰქონდათ. მარანს რესტავრაცია რამდენიმე წლის წინ გაუკეთდა, მაშინ, როდესაც ოჯახმა ღვინის წარმოება ბიზნესად აქცია. მარანში ჩვიდმეტი სხვადასხვა ზომის ქვევრია განთავსებული და მისი სიძველის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი კედელზე გამოკვეთილი პატარა ეკლესიის ფორმის ფიგურებია. ამბობდნენ, რომ ადრე ამ სივრცეში ჯვრისწერაც ხდებოდა.

გიგო პაპას მარანში ორი სახის მშრალ ღვინოს: რქაწითელსა და საფერავს აყენებენ. მარანს ბუნებრივი საცავი აქვს, რიყის ქვებისგან გაკეთებული. გარდა ღვინის დეგუსტაციისა, ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა სახის მასტერკლასში – (თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება (თათარაობა), ზაოდობა (ჭაჭისგან არყის გამოხდა), მწვადის შეწვა და ხაჭაპურის მასტერკლასი) – ჩაერთონ და დარჩენის სერვისით ისარგებლონ.

„ტურისტული პოტენციალის ზრდამ გამიასმაგა ის აზრი, რომ ჩვენს მიერ დაყენებული ღვინოები სააშკარაოზე გამომეტანა. მქონდა მოტივაცია დავკავშირებოდი ტურისტულ ორგანიზაციებს, მომეზიდა ტურისტები, გავწევრიანებულიყავი ღვინის კლუბებში და ჩვენი მარნის ცნობადობა გამეზარდა. ჩემთვის ამ ბიზნესის დაწყებამ მთლიანად შეცვალა საზოგადოების და ოჯახის წევრების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მანამ ყველა მიყურებდა და აღმიქვამდა, როგორც მხოლოდ მეოცნებე, არაპრაქტიკულ პოეტ ქალს. პოეზიის საღამოებიდან უეცრად აღმოვჩნდი მეწარმე ქალთა რიგებში. ჩემმა ახალმა საქმიანობამ ბევრ ნაცნობ და ახლობელ ქალს უბიძგა მომბაძონ და გამოკვეთონ თუ რა უნდათ ცხოვრებაში. ამ ბიზნესის კეთებისას დავინახე ის, რომ მამაკაცებმა ჩემი აქტიურობა არ გაიკვირვეს. ეს ხომ კახეთია და საქართველოში თვლიან რომ ღვინო კაცის საქმეა. ამ დამოკიდებულებამ მასწავლა ის, რომ კარები უნდა გაუღო სტუმარს, დააგემოვნებინო შენი ღვინო, გაუთბო გული და ყველაზე დიდი მოგება ეს არის. მერე, აუცილებლად, ერთი მერცხალიც მოიყვანს გაზაფხულს. თავიდან რომ ვიწყებდე ამ ბიზნესს, ჩემს თავს ვურჩევდი იმას, რომ არ უნდა შეგრცხვეს, რაც არ იცი იკითხო გაბედულად. არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით, ვგეგმავ სახელობითი ღვინის ჩამოსხმას. ასევე, ღვინოების, საფერავის და რქაწითლის წარმოების მოცულობის გაფართოებას“.