24 საათი და 55,000 ლარზე მეტი ხანდაზმულებისთვის

Photo by Eberhard Grossgasteiger

Facebook ჯგუფმა სახელით „დავეხმაროთ მოხუცებს“ 24 საათში 55 ათას ლარზე მეტი და 10,000 ლარის ღირებულების ვაუჩერი შეაგროვა.

ჯგუფის იდეა სპონტანურად გაჩნდა. კამპანიის ერთე-რთმა ორგანიზატორმა მარიამ თითბერიძემ „TV პირველზე“ გასული სიუჟეტი ნახა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ კათარზისებს შეეხებოდა. მოხუცებისათვის არაკომფორტული აღმოჩნდა სხვა რეჟიმზე გადასვლა, რადგან მათ მხოლოდ კონკრეტულ საათებში აწვდიან საკვებს. მარიამმა სიუჟეტი საკუთარ გვერდზე გააზიარა, რომელსაც მისი მეგობარი გამოეხმაურა. მათ ერთად გადაწყვიტეს ემოციების გამოხატვის ნაცვლად შეექმნათ ჯგუფი, რომელიც რეალურად დაეხმარებოდა ადამიანებს. საბოლოოდ, კამპანიას ოთხი ორგანიზატორი ჰყავს: მარიამ თითბერიძე, მარიამ ცერცვაძე, მარიამ ჯორბენაძე და მარიამ ჩაკვეტაძე.

ერთი დღის განმავლობაში ჯგუფში რამდენიმე ათასი ადამიანი გაწევრიანდა, საკუთარი წვლილი გარკვეულმა კომპანიებმაც შეიტანეს. ჯგუფის წევრებმა საერთო ძალებით შექმნეს ბაზა, რომელიც მოიცავს 700-ზე მეტ მოხუცს, რომლებსაც არამალფუჭებადი პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით დაეხმარებიან. აღნიშნულ პროდუქტს ბენეფიციარებამდე თბილისის მერიის მოხალისეები სპეციალური აღჭურვილობით მიიტანენ. შესაბამისად, მაქსიმალურად მცირე იქნება გარეშე პირების ჩართულობა და ვირუსის პრევენციისათის საჭირო ყველა მითითებაც იქნება დაცული.

ორგანიზატორების მიზანი ერთჯერადია, მათ სურთ ვირუსის გავრცელების საშიშროების ფონზე დაეხმარონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცებს.

„ვერც ვიფიქრებდით ასეთ შედეგს, გვეგონა მეგობრებთან ერთად თანამშრომლები შემოგვიერთდებოდნენ და 5-10 ათასი ლარის აკუმულირებას შევძლებდით, მაგრამ რეალურად კოლოსალური თანხა შეგროვდა. საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის უნარი გვქონია, თანხის ჩარიცხვა არ წყდებოდა. ჩვენვე ვითხოვეთ მისი შეჩერება, რადგან არ გვინდოდა იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, ვიდრე ფიზიკურად შეგვეძლო. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც გვერდში დაგვიდგა და ერთი ლარი მაინც ჩაგვირიცხა. გვინდა, რომ ვიყოთ აბსოლუტურად გამჭირვალე ყველა თეთრის ხარჯვისას და სურვილი გვაქვს, რომ სამართლიანად გადანაწილდეს თანხა ადამიანებზე, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ“ – ამბობს მარიამ თითბერიძე.

ორგანიზატორები პარტნიორ კომპანიებთან ერთად შეიძენენ პროდუქტებს, რომელთა დარიგებასაც თბილისის მერია ოთხშაბათიდან დაიწყებს.