„კულტურა არის იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული სოციალური ჯგუფის თითოეულ წევრს ახასიათებს“, – ამბობს ბრიტანელი ანთროპოლოგი ედვარდ ტეილორი (1870 წელი). მისი თეორიის თანახმად, კულტურის ცნება კომპლექსურ ერთიანობას წარმოადგენს და ის საკუთარ თავში აერთიანებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ცოდნა, რწმენა, ხელოვნება, კანონი… ტეილორის თეორიის მიხედვით, ამ თვისებებს ადამიანი სოციუმში იძენს და ისინი ინდივიდის იდენტობის ფორმირების პროცესს განსაზღვრავენ.

Cover - OC

„კოლექტიურ ცნობიერს კულტურა აყალიბებს. ის ერთი სოციალური ჯგუფის წევრებს სხვა ჯგუფის წარმომადგენლებისგან გამოარჩევს“, – ამბობს დანიელისოციალური ფსიქოლოგი გირტ ჰოფსტედე.

ამ მოსაზრების თანახმად, კულტურა ის მახასიათებელია, რომელიც ერთ სოციალურ ჯგუფსა და მის შიგნით არსებულ ქვეჯგუფებს არსებული დაჯგუფებებისგან გამოარჩევს.

სოციალური ქვეჯგუფების რიცხვს მიეკუთვნება კომპანიის შიგნით არსებული მიკრო სოციუმიც. ეს გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე არსებულ თითოეულ ორგანიზაციას საკუთარი ორგანიზაციული კულტურა გააჩნია, რომელიც ბიზნესის საქმიანობას წარმატებულსა და ეფექტურს ხდის.

კულტურა, ხშირ შემთხვევებში, მმართველი ძალის მიერ კონსტრუირებულ ერთეულად აღიქმება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციული კულტურა განცალკევებულად არ არსებობს. ის კომპანიის თანამშრომლების ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ანუ, ეს არ არის მხოლოდ ვერტიკალურად დაწესებული ორგანიზაციული ნორმა, რომელსაც ლიდერები დასაქმებულებს ახვევენ თავს. ორგანიზაციული კულტურის იმპლემენტაცია კოლაბორაციული ქმედების შედეგად ხდება ‒ ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა თავად დასაქმებულებს ენიჭებათ.

არისტოტელეს თანახმად, „ჩვენ ვართ ის, რასაც გამუდმებით ვაკეთებთ“. ადამიანის ქცევა კულტურის საფუძველს წარმოადგენს ‒ კულტურის, რომელიც კომპანიაში საერთო ცნობიერს ქმნის და ორგანიზაციული ქცევის ჩამოყალიბებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული კულტურა გულისხმობს სხვადასხვა ღირებულებებისა და იდეების მქონე ადამიანების ერთი კულტურული ნარატივის ქვეშ გაერთიანების პროცესს. ის ერთიანი სოციალური ორგანიზმის შექმნის ესენციურ იდეას წარმოადგენს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია არის ერთიანი სხეული, რომლის იდენტობას საერთო ისტორია, ღირებულებები, რიტუალები და სიმბოლოები განსაზღვრავენ. ამ მახასიათებელთა ერთობლიობა კონკრეტულ ორგანიზაციას ბაზარზე არსებული სხვადაჯგუფებებისგან განასხვავებს.

კომპანიის შიდა ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში კულტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის ერთგვარ სოციალური კონტროლის სისტემას ქმნის, რომელიც დასაქმებულისთვის „სწორსა“ თუ „არასწორ“ ქმედებას განსაზღვრავს. ანუ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული კონკრეტული კომპანიის შიგნით. იგი ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარ თავში ჩამოაყალიბოს კომპანიის ღირებულებებისა და მიზნების შესაბამისი აღქმა, ქცევა და უნარები. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციული კულტურა ქმნის კონტექსტს დასაქმებული ინდივიდისათვის და გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობას აძლევს მას.

IMD უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ დ. ვოტკინის თანახმად, ორგანიზაციული კულტურა დინამიური და მოქნილი ერთეულია, რომელიც სიტუაციას სწრაფად და ეფექტურად ერგება. მის ცვლილებაზე ზეგავლენას ინტერნალური და ექსტერნალური ფაქტორები ახდენენ.

ინტერნალურ ფაქტორებს კომპანიის ღირებულებები მიეკუთვნება. ისინი განსაზღვრავენ ჩამოყალიბებული კულტურისა თუ სუბ-კულტურის მახასიათებლებს.

ორგანიზაციის კულტურა ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს კომპანიის სტრუქტურასა და სტრატეგიასთან. ეს ის ძალაა, რომელიც ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს. კომპანიის შიგნით არსებული კულტურა შესაძლებლობას აძლევს დასაქმებულ ინდივიდს:

  • წინასწარ იცოდეს, რა სახის მოქმედებასა და გადაწყვეტილებას ელის მისგან მმართველი პალატა;
  • ფლობდეს ცოდნას „სწორი“ და „არასწორი“ ქმედების შესახებ;
  • ახორციელებდეს კომპანიისათვის ეფექტურ და წარმატებულ ქმედებას, რომელიც შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის ღირებულებებთან.

ექსტერნალური ფაქტორებიდან კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას საზოგადოებრივი კონტექსტი ახდენს.

ორგანიზაციული კულტურა არ არის თავისთავად არსებული ერთეული, არამედ წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული კულტურული ნარატივის გავლენის შედეგად ჩამოყალიბებულ ცნებას. ამის მიზეზი არის ის, რომ კომპანია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. ანუ ისინი საკუთარ თავში აერთიანებენ ორგანიზაციის გარეთ არსებულ ღირებულებებს, უნარ ‒ ჩვევებსა თუთვისებებს. შესაბამისად, კომპანია მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოებაში არსებულ კულტურასა და მის მახასიათებლებზე.

საბოლოოდ, ორგანიზაციული კულტურის ღირებულებების ცენტრს არა ინდივიდი, არამედ თავად კომპანია და მისი მიზნები წარმოადგენს. შესაბამისად, ის ორგანიზაციის წარმატების საზომად მიიჩნევა.

ავტორი: ნინი თურქია

No Comments Yet

Comments are closed