როდესაც ბიზნესის ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია – ამელი | ინტერვიუ ნუკა ჩოხელთან

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც კლიმატის ცვლილებები სახელდება. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გარემოზე ადამიანის ზეგავლენაა. სტატისტიკურად ერთი პოლიეთილენის პარკის გახრწნას, დაახლოებით, 5 საუკუნე სჭირდება. სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა „ფარმადეპოს“ მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯია „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთიანდება ეკოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარემოს დაბინძურების პრობლემა საწარმო ნარჩენებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით საქართველოშიც მწვავედ დგას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოსდაცვითი და ეთიკური ბიზნესის მოძრაობები, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ. ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერას „ფარმადეპოსთან“ ერთად Forbes Woman Georgia უერთდება და წარმოგიდგენთ ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ გარემოსა და ადამიანებზე.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„ამელი“ უკვე 6 წელია ყვავილების ბაზარზე ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ყვავილების მაღაზიის გარდა, მათი საქმიანობა აერთიანებს გარე ღონისძიებების მართვასა და გაფორმებას. „ამელის“ წარმატების საწინდარი კი მუდმივი განვითარება და გაუმჯობესებაა, რომელიც გზად აუცილებლად ითვალისწინებს გარემოზე ზრუნვაში ჩართულობას. კომპანიის გამოცდილებას ამ მიმართულებით მისი თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი გვიზიარებს.

როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო თქვენი ინსპირაცია, რა გზა გაიარეთ და განვითარების რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი ახლა?

დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს ყვავილების ყიდვა ჩემთვის ყოველთვის ერთგვარი თერაპია იყო. იმ პერიოდში, როდესაც ყვავილების შეძენა მხოლოდ გარე მოვაჭრეებისგან იყო შესაძლებელი, ხშირად მიფიქრია ევროპული კონცეფციის, ბუტიკური ყვავილების მაღაზიის არსებობის პერსპექტივაზე საქართველოში და აქედან დაიწყო „ამელის“ ისტორია ჩემს მეუღლე და ბიზნეს-პარტნიორ დავით კუპატაძესთან და მეგობარ სალომე წილოსანთან ერთად.

საზოგადოების ყურადღება „ამელიმ“ განსხვავებული და დახვეწილი კონცეფციისა თუ მაღალი დონის მომსახურების გამო მალევე მიიპყრო და ჩვენი მომხმარებლებისა და გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. დროთა განმავლობაში ჩვენს მომსახურებაში მრავალფეროვნება შევიტანეთ და ყვავილებთან ერთად შესაძლებელია, მაგალითად, ღვინის, სასაჩუქრე ნაკრებების შეძენა და გაგზავნა ადრესატთან. ასევე, გავაფართოვეთ საქმიანობა ღონისძიებების დაგეგმვისა და გაფორმების მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნოვატორული წამოწყება საქართველოში პირველი ფლორისტული სკოლაა, სადაც პანდემიამდე რამდენიმე ნაკადის მიღება შევძელით.

რა ნაბიჯების გადადგმით გეგმავთ, ხელი შეუწყოთ გარემოსდაცვით საქმიანობას?

„ამელის“ ყოველდღიურობაში, იქნება ეს მაღაზიის საქმიანობა, თუ ღონისძიებების გამართვა, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორების გათვალისწინება. ყოველ ეტაპზე – იქნება ეს იმპორტის არხებით ან ადგილობრივი ფერმერებისგან ყვავილებისა და მასალების შემოტანა, მათი რეალიზაცია სხვადასხვა არხის საშუალებით, თუ წვეულებათა და შეხვედრათა გაფორმება – სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია და რამდენადაც გვეძლევა შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობთ მას ყურადღება მივაქციოთ.

პროდუქციის დიდი ნაწილი, რომელიც „ამელიში“ რეალიზდება არის არა ექსპორტირებული, არამედ ადგილობრივი გადამუშავების შედეგად მოპოვებული – ხის ტოტები, გირჩები, ტყეში მოპოვებული ბუნებრივი მასალა, რომელიც ნეშომპალად უნდა გადაიქცეს – ადგილობრივი ფერმერებისთვის და ჩვენი მომწოდებლებისთვის თვიდან თვემდე ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ხოლმე, ამიტომ „ამელი“ ამ მასალების გამოყენებით ცდილობს დაეხმაროს ასეთ მომწოდებლებს. რაც შეეხება ჰოლანდიიდან იმპორტირებულ ყვავილებს, მინიმუმამდეა დაყვანილი და თითქმის არც არის ყოველდღიურად შემოტანილ ასობით ყვავილში პოლიეთილენი ან მსგავსი არაბიოდეგრადირებადი მასალა. საქართველოში არსებულ სტანდარტთან შედარებით, ჰოლანდიაში ჩვენი მომწოდებლის საწყობიც კი ძალიან კვალიფიციურია და ისინი ერთგვარ მაგალითს გვაძლევენ იმით, რომ ყველა გზავნილი მუყაოსა და ქაღალდის შეფუთვით ჩამოდის. ეს თავისთავად გვიწყობს ხელს, გარემო მინიმალურად დავანაგვიანოთ ყვავილების გადარჩევისა და შენახვის პროცესში.

რაც შეეხება გარე ღონისძიებებს, მუდმივად ვცდილობთ ისე მოვაწყოთ, რომ არანაირი ტიპის ზიანი არ მიადგეს გარემოს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-სექტორი ხელს უწყობდეს გარემოს დაცვას და რა ნაბიჯებს დგამთ თქვენ ამ მიმართულებით?

ყვავილების მაღაზია, ბიზნესის სხვა მიმართულებებთან შედარებით, გარემოზე ნაკლებად ახდენს უარყოფით გავლენას, თუმცა, მაინც გამუდმებით ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბინძურება. მაგალითად, თაიგულების შეკვრისას წებოვან ლენტს უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ვხმარობთ, რამდენადაც კომპოზიციის ზომა გვაძლევს საშუალებას, მის მაგივრად ყვავილების შესაკრავად ვიყენებთ ფლორისტულ ბიოდეგრადირებად ე.წ ტაიპოლენტებსა და კანაფის ბაწარს. თაიგულების შეფუთვის დროსაც მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი მოხმარება და თითქმის არ ვიყენებთ პოლიეთილენის პარკებს, ისინი ჩავანაცვლეთ ქაღალდისა და მუყაოს კრაფტ-მასალებით.

რას ნიშნავს თქვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა აქტივობებს გეგმავთ ამ თვალსაზრისით სამომავლოდ?

ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ იწერება ფურცელზე და არ დგინდება როგორც ბრენდის შინაგანაწესი. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, პირველ რიგად, მომდინარეობს თავად გუნდისგან, ამიტომ ამ მიმართულებით დადგენილი წესები არ გვაქვს და ძალიან მრავალფეროვნად ვახორციელებთ. მაგალითად, თავად თანამშრომლების შემოთავაზება იყო, რომ ყვავილები, რომლებიც არ რეალიზდებოდა კი არ გადაგვეყარა, არამედ გაგვეხმო და მათგან ახალი, განსხვავებული ტიპის გამხმარი ყვავილების კომპოზიციები შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. როდესაც იცი, რომ გარემოს ზიანს არ აყენებ, უფრო და უფრო მეტი კარგის გაკეთება გინდება, მთელი გუნდი საზოგადოდ სასიკეთო იდეების გარშემოა გაერთიანებული.

სამუშაო პროცესში რა გზებით ცდილობენ კომპანიის თანამშრომლები, იყვნენ უფრო ეკომეგობრულები?

არსებული ყვავილების გადამუშავებასა და მეორადი ტიპის, ბიოდეგრადირებადი თუ ადგილობრივი ბუნებრივი მასალის გამოყენებაზე არ ვჩერდებით და ისევ და ისევ ახალი მეთოდების ძიებაში ვართ, რათა ვიყოთ კიდევ უფრო ეკომეგობრულები, რისთვისაც გუნდში მუდმივად ვფიქრობთ და ვმუშაობთ ახალ იდეებზე.