როდესაც ბიზნესის ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია – Plastic Watcher | ინტერვიუ ეკა ასათიანთან

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც კლიმატის ცვლილებები სახელდება. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი კი გარემოზე ადამიანის ზეგავლენაა. სტატისტიკურად ერთი პოლიეთილენის პარკის გახრწნას, დაახლოებით, 5 საუკუნე სჭირდება. სწორედ ამ პრობლემის გარშემო განვითარდა „ფარმადეპოს“ მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის მთავარი მესიჯია „ჩვენი ქმედება შედეგის პირდაპირპროპორციულია“. ამ მოტივით შეიქმნა პირდაპირპროპორციულობის სიმბოლო და დაიწყო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთიანდება ეკოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. გარემოს დაბინძურების პრობლემა საწარმო ნარჩენებითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით საქართველოშიც მწვავედ დგას, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოსდაცვითი და ეთიკური ბიზნესის მოძრაობები, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდნენ. ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერას „ფარმადეპოსთან“ ერთად Forbes Woman Georgia უერთდება და წარმოგიდგენთ ბიზნესებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ გარემოსა და ადამიანებზე.

Plasticwatcher.ge – პლასტიკვოჩერ.ჯი ანუ პოლიეთილენის „მაყურებელი“ საზოგადოებისთვის გარემოზე ზრუნვის გულწრფელი კულტურის გზამკვლევი და მასწავლებელია. Forbes Woman Georgia წარმოგიდგენთ ინტერვიუს მის დამფუძნებელ ეკა ასათიანთან, რომელიც უკეთ მოგვიყვება როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის ურთიერთობა სამყაროსთან და რა გზებითაა შესაძლებელი, გახდე უფრო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე შენს ქვეყანაში.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ დაიწყეთ ბიზნესი, რა იყო თქვენი ინსპირაცია, რა გზა გაიარეთ და განვითარების რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი ახლა?

Plasticwatcher პირადი ინიციატივა და სოციალური მიზნების საწარმოა. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ გარემო პოლიეთილენის პარკებითა და საოჯახო პროდუქტების შესაფუთი ნარჩენებით დაბინძურებისგან. გვინდა ადამიანების შთაგონება და მათში საღი ფიქრის წახალისება, რათა მათ გარემოზე ნეგატიური კვალის დატოვების ქცევის ცვლილებაზე მიმართონ კონკრეტული ქმედებები.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ჩვენ გვერდით მიხვდნენ ნარჩენების გარემოში უკონტროლოდ განთავსების უბედურ შედეგს. მათ უნდა აღზარდონ საკუთარ თავში ნარჩენების სეპარირების კულტურა.

ჩვენ ვიცით, რომ ის ნარჩენი, რასაც კი გაუაზრებლად ვქმნით, შეიძლება, სხვადასხვა მდგრადი მოდის ნივთად გადამუშავდეს. ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ბიზნეს ორგანიზაციებიდან სარეკლამო ბანერების და „როლ აპების“ შეგროვებით და შემდგომ მათი სამკერვალო მასალად გარდაქმნით და გამოყენებით ჩვენ ვაკეთებთ მდგრადი მოდის ინტერაქციულ ნივთებს და თვალწარმტაც აქსესუარებს.

ის გზა, რომელიც გავიარეთ აქამდე და რომელსაც, ასევე, ახლაც გავდივართ, მუდმივად კავშირშია და მიმართულია ადამიანებში ნარჩენების მართვის კულტურის გაჩენასა და მის გამყარება-ზრდაზე. ჩვენი ყოველდღიურობა ფიქრით არის განპირობებული, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო, მიწა და წყალი და, თუ რა უნდა იყოს ჩვენი კონკრეტული ქმედება, რათა გარემოში არ განთავსდეს საოჯახო და პოლიეთილენის ნარჩენი.

ინსპირაციას მე ადამიანები მაძლევენ, ის ადამიანები, რომელთაც თავიანთი ცხოვრებით ადამიანის მოდგმა უკეთესი გახადეს და ცხოვრება კი უფრო მრავალფეროვანი და პასუხისმგებლობით სავსე.

რა ნაბიჯების გადადგმით გეგმავთ, ხელი შეუწყოთ გარემოსდაცვით საქმიანობას?

ყველა ჩვენი ნაბიჯი აუცილებლად დამყარებულია ადამიანების გაძლიერებაზე, მათ შთაგონებაზე და ასევე შეგნებულად ცხოვრების მიმართ ინტერესის გაჩენაზე, რათა მათ გაუცნობიერებლად ნეგატიური კვალი არ დატოვონ გარემოზე.

ჩვენი გეგმები მიმართულია ადამიანების აღტაცებაში მოყვანაზე და დადებითი ეფექტის დახმარებით მათში ნეგატიური ქცევის პატერნის ცვლილებაზე.

გეგმები ბევრი გვაქვს, კონკრეტულად ამ ეტაპზე ფიქრის და ქმედების დასრულების პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, მალე სიახლესა და საინტერესო პლატფორმას შემოგთავაზებთ plasticwatcher.ge ახალ ვებსაიტზე, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება, როგორც საგანმანათლებ­ლო პლატფორმა და მსოფლიოს მასშტაბით მაღაზია. აქ მოწვეული იქნებიან სხვადასხვა არტისტები და შეძლებენ ამ პლატფორმის გამოყენებას, რათა მათი დამოკიდებულებაც გამჟღავნდეს ნარჩენების მართვისა და ქცევის კულტურის შექმნის პროცესში. ჩვენი საიტიდან სულ გაიგებთ იმ ადამიანების ხმას, ვისაც აწუხებს ის ნეგატიური გარემო, რომელსაც ჩვენვე ვქმნით. ამიტომ მხოლოდ აღტაცების ემოციით და ადამიანების გახარებით გვინდა ცვლილება გამოვიწვიოთ.

ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს-სექტორი ხელს უწყობდეს გარემოს დაცვას და რა ნაბიჯებს დგამთ თქვენ ამ მიმართულებით?

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ბიზნეს სექტორი და, ასევე, თითოეული ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ვალდებულია, ნარჩენების სეპარირებისა და მართვის საკუთარი მოდელი და კულტურა შექმნას მანამდე, სანამ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს და საკითხის მიმართ უაღრესად რადიკალური დამოკიდებულება. ახლა ინდივიდების პირდაპირი მოვალეობაა, იმოქმედონ და დაიცვან გარემო. ყველა ადამიანის მაგალითი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან: The Zone demands Respect Otherwise It Will Punish You (გარემო მოითხოვს პატივისცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შენ დაგსჯის).

პატივისცემის გამოხატვა და პასუხისმგებლობით ცხოვრება არის ის კონკრეტული ღერძი, რაზეც დგას ის საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

რას ნიშნავს თქვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა აქტივობებს გეგმავთ ამ თვალსაზრისით სამომავლოდ?

ყველანაირ პასუხისმგებლობაზე ეს არის ჩემი პასუხი:

You can’t escape the responsibility of tomorrow by evading it today. – Abraham Lincoln (შენ ვერ გაექცევი ხვალინდელ პასუხისმგებლობას დღეს მისი თავიდან აცილებით).

The real freedom of any individual can always be measured by the amount of responsibility, which he must assume for his own welfare and security. – Robert Welch (ნებისმიერი ინდივიდის ჭეშმარიტი თავისუფლება ყოველთვის შეიძლება გაიზომოს იმ პასუხისმგებლობის ოდენობით, რომელიც მან უნდა აიღოს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად).

სოციალური პასუხისმგებლობა არის ის, რაც ატრიალებს plasticwather-ს და ჩვენ სულ ადამიანების გაძლიერებაზე ვზრუნავთ.

ძლიერი საზოგადოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება და თავისუფალი ადამიანი, ანუ თავის უფალი, საკუთარი თავის პატრონი. ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობის საქმეში ადამიანების და ინდივიდების გაძლიერება არის ყველა ჩვენგანის ვალი და ეს არის ის „გაგება“, რომელიც ჩვენთვის უძვირფასესია.

სამუშაო პროცესში რა გზებით ცდილობენ კომპანიის თანამშრომლები, იყვნენ უფრო ეკომეგობრულები?

The only difference between a good day and a bad day is your attitude! – David Hockney (ერთადერთი, რაც კარგსა და ცუდ დღეს ერთმანეთისგან განასხვავებს, შენი დამოკიდებულებაა).

დამოკიდებულება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც განაპირობებს ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი, ჩვენი მეგობრებისა და თანამოაზრეების დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, ვართ ყველანაირად სიყვარულით და მონდომებით სავსე მისი მიწის და წყლის დაბინძურებისგან დაცვაზე.

კონკრეტული ქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში ცხოვრობ და ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიფიქროთ იმ ქცევების საკუთარი ნუსხის შექმნაზე, რაც განაპირობებს ჩვენი საარსებო გარემოსა და რესურსების დაზოგვას.

მე პირადად, არ ვყიდულობ წყალს პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმულს, ონკანს დიდი ხნით ვერ ვუშვებ, ცუდად ვხდები, წყალი რომ იღვრება და, ასევე, მაქვს ჩემი სხვა ქცევები, რაც მეხმარება, რომ ვიყო ბედნიერი და ჰარმონიულად ვიარსებო ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობ.