ქალი მეწარმეები საქართველოში – გამოწვევები, შესაძლებლობები და მხარდაჭერა

McKinsey Global Institute-ის კვლევის თანახმად, ქალთა ეკონომიკურმა გაძლიერებამ მსოფლიო დოვლათი 2025 წლისთვის შეიძლება დამატებით 12 ტრილიონი აშშ დოლარით გაზარდოს. ამასთან, Harvard Business Review-ს კვლევამ აჩვენა, რომ ლიდერობისთვის საჭირო უნარები ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: გუნდური მუშაობა; ინოვაციურობა; კრიზისის მართვა.

გამონაკლისი ამ მიმართულებით არც საქართველოა. დღეს ქვეყანაში მცირე ბიზნესი ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ამ სექტორის ბიზნესლიდერების წინაშე არსებული ამოცანები კი პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. განსაკუთრებით რთულია არსებულ გარემოში ოპერირება მეწარმე და მცირე ბიზნესის მფლობელი ქალებისთვის. აღწერილ სურათს ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ქალ მეწარმეებს მამაკაცებთან შედარებით შეზღუდული წვდომა აქვთ ფინანსურ რესურსებზე, მათ შორის ბიზნეს და სამეწარმეო სესხებზე. ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ცნობით კი, ქალებს არათუ ფინანსურ, არამედ ინფორმაციულ რესურსებზე წვდომაც შეზღუდულად აქვთ.

პრობლემის აღმოსაფხვრელად და ქალ მეწარმეთა გასაძლიერებლად კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ წვდომა სწორედაც რომ მეტ ფინანსურ რესურსსა და ინფორმაციასთან, შეეძლოთ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სფეროს ექსპერტებისგან, შეეძლოთ განივითარონ უნარ-ჩვევები მენტორების დახმარებით და ა.შ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილების მომტანი კი კომერციული ორგანიზაციების ძალისხმევა შეიძლება აღმოჩნდეს.

სწორედ ერთ-ერთ ამგვარ ინსტრუმენტად და ინიციატივად მიგვაჩნია #She’s Next, რომელსაც Visa ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და „Forbes Woman Georgia“-სთან ერთად წარმოგიდგენთ.

She’s Next ინიციატივა 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო და მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით. აღნიშნული ინიციატივა  Visa-ს მხარდამჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება.

„მცირე ბიზნესი არის ადგილობრივი ეკონომიკის ხერხემალი მთელს მსოფლიოში. ის არის უმსხვილესი დამსაქმებელი, სამუშაო ადგილების შემქმნელი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნულ მშპ-ში. Visa მეწარმე ქალების გაძლიერებას ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ  განვითარებას, წარმატებას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ქალების საკუთრებაში არსებული მცირე საწარმოები ინსტრუმენტებით, რესურსებით, ინფორმაციით და სხვადასხვა შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.“ – განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa–ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით VISA ქმნის She’s Next პორტალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები გვიჩვენებენ იმ გზას, რომელიც She’s Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად გაიარეს. მკითხველს საშუალება ექნება გაიზიაროს ნინო ზამბახიძის, ქეთევან ბოჭორიშვილის, მედეა ტაბატაძის, ანანო დოლაბერიძისა და ნონა ნონიაშვილის გამოცდილება, გაეცნოს მათ სამომავლო ხედვებს, გაიგონ რა გამოწვევები ელით ქალ მეწარმეებს საქმიანობის საწყის ეტაპზე და რა მეთოდებით შეძლებენ ამ გამოწვევებთან გამკლავებას.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი, 2020 წლის 7-28 სექტემბერს, Visa და „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლებს 4 ვებინარს, წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და სამოტივაციო სპიკერების მონაწილეობით.

პროგრამის ფარგლებში ვებინარებს ჩაატარებენ: ნინა კობახიძე, ბიზნესის ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ირმა დაუშვილი, DIO-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თინათინ რუხაძე, გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანიის ”ACT” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; თამარ კერძაია, ევროპული უნივერსიტეტის რექტორი; ნატალია თოლორაია, „ნატალი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; რუსუდან თელია, ACT Global- ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ქვარცხავა, BLC საადვოკატო ბიუროს პარტნიორი.

საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა ყველა წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილისთვის. #She’sNext საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ VISA-ს ფეისბუქ გვერდზე.

რუბრიკა: Visa