მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა

დღეს მსოფლიო მოსახლეობის 55% ქალაქებში ცხოვრობს. ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი მზარდია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის მიგრაცია ქალაქებში 68%-ს მიაღწევს.

რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამედროვე ქალაქები?

იზრდება მოთხოვნა ტრანსპორტზე, უძრავ ქონებაზე, ურბანული განვითარებისთვის საჭირო სრულ ინფრასტრუქტურაზე. ეს, პირველ რიგში, ნიშნავს CO2-ის ემისიის ზრდას, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გარემოს დაცვის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო დოკუმენტია 2015 წელს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, საფრანგეთში, პარიზში მიღებული შეთანხმება. პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით 195-მა ქვეყანამ პირველად აიღო ვალდებულება, რომ ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების გაფრქვევები. აღნიშნულ შეთანხმებას საქართველო 2017 წლიდან ოფიციალურად შეუერთდა. როგორც „მსოფლიოს მწვანე მშენებლობის საბჭოში“ ვარაუდობენ, 2050 წლისთვის ყველა შენობა, ძველი და ახალი მშენებლობები, იქნება „ნულოვანი ენერგიის“.

ლიკა ქარდავა | FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი

მსოფლიოსთვის ამ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს თბილისში გამართულ პირველ საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმზე: „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“. 25-ზე მეტი გამომსვლელი, 5 სადისკუსიო პანელი და 15-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა ‒ უპრეცედენტო მასშტაბი აჩვენა საქართველომ პირველივე ღონისძიებაზე. ფორუმის ორგანიზატორი FIABCI Georgia, რომელიც უძრავი ქონების ლიდერი საერთაშორისო ფედერაციის FIABCI-ის ადგილობრივი
წარმომადგენლობაა, ფედერაციის “გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრთან“ (ჰაბიტატი), გლობალური პარტნიორობის ფარგლებში, ურბანიზაციის საკითხებში აქტიურად არის ჩართული. საქართველოში FIABCI Georgia-ს დაფუძნების ინიციატორი და ასევე, ფორუმის ორგანიზატორი Property Georgia პირველი იყო, რომელმაც თბილისში 2019 წლის მარტში, საერთაშორისო ფორუმი ჩაატარა ენერგოეფექტურ მშენებლობაზე, რაც ქალაქების მენეჯმენტის, დასახლების, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მდგრადი და მედეგი თემების პარალელურად, ფორუმის მიზანი იყო საქართველოს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის მიმზიდველობის ცენტრის, პოზიციების განმტკიცება მსოფლიო რუკაზე. კერძო სექტორის ჩართულობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რადგან ამით ისინი, გარკვეულწილად, თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოხატავენ საკუთარი ქვეყნისა და გარემოს მიმართ. „მდგრადი და მედეგი ქალაქების განვითარების“ მთავარი პარნტიორებია: ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი ‒ „საქართველოს ბანკი“, საინვესტიციო კვლევითი კომპანია Galt & Taggart და უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა AREA.GE. „საქართველოს უძრავი ქონების და ტურიზმის პოტენციალის გაცნობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას, იქნება ეს ტრადიციული საბანკო პროდუქტები თუ ეკოსისტემის და კვლევების განვითარება“, ‒ განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ლიდერი დეველოპერული კომპანიების მხრიდან მოხდა ჩვენი ქვეყნის მაგალითების გაზიარება საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საქართველოს დიდ ქალაქებში მშენებლობის ახალი სტანდარტები, განახლებადი ენერგიის და მწვანე კონცეფციის შესახებ სიახლეები აჩვენეს Alliance Group-მა და Lisi Development-მა. საპასუხოდ, გასათვალისწინებელი რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს ადგილობრივი უძრავი სექტორის წარმომადგენლებმა მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ბიუროს, Zaha Hadid Architect-ის ასოცირებული დირექტორისგან, კრის ლეპინისგან.

ქეთი ტაბატაძე | FIABCI Georgia-ს პრეზიდენტი, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი

„ყველა დიზაინერი და დაინტერესებული მხარე უნდა ცდილობდეს, შეამციროს და საბოლოოდ აღმოფხვრას ის არყოფითი გავლენა, რომელიც სხვადასხვა მშენებლობებს შეიძლება ჰქონდეს გარემოზე. გარდა ამისა, როდესაც ვაშენებთ, მიზანი უნდა იყოს ისეთი ქალაქების შექმნა, სადაც მაცხოვრებლებისთვის სასიამოვნო და სასურველი გარემო იქნება; გარემოს, რომელსაც ადამიანი სახლს უწოდებს“, ‒ ასე აფასებს კრის ლეპინი მდგრადი და მედეგი ქალაქების მნიშვნელობას. გასათვალისწინებელია, ღონისძიების ინტელექტუალური პარტნიორის, PwC Georgia-ს მიერ მოწვეული საპატიო გამომსვლელის მოსაზრება. „სწრაფი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები, რაც განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში შეინიშნება და გამოიხატება ქალაქებში მიგრაციის მსურველთა მაღალი რაოდენობით, უბიძგებენ კომპანიებს და საინვესტიციო ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ აქტივისტებს და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ჩაერთონ მდგრადი განვითარების ინიციატივების განხორციელებაში, ამას კი მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ინვესტიციებზე, უძრავი ქონების სფეროში“, ‒ აღნიშნა კრისტოფ ზაკიერსკიმ, PwC-ის პოლონეთის ოფისის უძრავი ქონების მიმართულების დირექტორმა. ეკო-მეგობრული მშენებლობების პროექტების აქტიური მხარდამჭერია Colliers International Georgia. მათი მეშვეობით მომზადდა მომავალი წლის მაისში დაგეგმილი „მდგრადი და მედეგი ქალაქები 2020-ის“ დაჯილდოვების მეთოდოლოგია.

სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში შეკრებილ 300 დელეგატს, ყველა გამომსვლელი მიმართავდა ერთი მთავარი თხოვნით და მოთხოვნით ‒ ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქებზე! FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა, ბატონმა ვალიდ მოუსამ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია: „თუ გვინდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ქალაქებში, ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ და ამისთვის საუკეთესო გზა მდგრადი ურბანული განვითარებაა. ჩვენი მოვალეობაა, შევქმნათ მედეგი გარემო ქალაქებში, რაც მოსახლეობას სტაბილურობის და სიმშვიდის შეგრძნებას შეუქმნის.”

მდგრადი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცნობილია ტურისტული ქალაქებით. შესაბამისად, საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონიც არაა და გასულ წელს 8.7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ეს საკითხი პრიორიტეტულია. „რადისონ ბლუ ივერიას“ გენერალური მენეჯერის, დებრა სივერსტენის თქმით: „უძრავი ქონების და ტურიზმის სექტორების მიზანი უნდა იყოს ერთი-განვავითაროთ მდგრადი და მედეგი ქალაქები“.

საერთაშორისო პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორედ ჯანსაღ ურბანულ განვითარებას ემსახურება FIABCI-ის „ქალაქების კეთილდღეობის ინიციატივა“, რომელსაც უძრავი ქონების გლობალური ფედერაცია გაეროს ჰაბიტატთან თანამშრომლობით მსოფლიოს წამყვან ქალაქებში წარმატებით ახორციელებს, პარალელურად გამოსცემს პუბლიკაციას ‒ „ქალაქი, რომელიც გვჭირდება, ხელმისაწვდომია“.

FIABCI-Georgia 2020 წელს საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი აქტივობების წლად აცხადებს ‒ „უკეთესი მომავლისთვის“ და მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი იყო საერთაშორისო კვირეულის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყო უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები საერთაშორისო დელეგაციებისთვის თბილისში და რეგიონებში, ასევე გაიმართა შეხვედრები FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის.

 

ავტორი: ქეთი ტაბატაძე, ლიკა ქარდავა

ფოტო: გურამ მურადოვი