საიუბილეო რიცხვი 100 შესრულდა და საკუთარ თავთან დადებული პირობის შესაბამისად – წერაც დავიწყე…
100 წელი? – არა,
100 მილიონი? – ჯერ არც ეგ,
100 პარტნიორი?- ჰეჰ – არააა…
100 –„არა“
ჰო, არ მოგესმა:
10 თვის განმავლობაში ზუსტად 100 უარი მივიღე;
„არები“-ს 20% – ადამიანებისგან მოვისმინე,
სადღაც 30% – სადაზღვევო, საბანკო, გაქირავების სააგენტოების, სახელმწიფო და სხვა მომსახურე დაწესებულებებისგან;
50% – ანუ 50 ცალი -„არა“ – ჩემს გაგზავნილ აპლიკაციებზე და რეზიუმეებზე დამიბრუნდა – ყველა შესაძლო სფეროს, შესაძლო პოზიციის, ყველა არსებული სახელფასო დიაპაზონისა და ყველანაირი სამოტივაციო წერილის გაგზავნის მიუხედავად;
დაბადებიდან 38 წლის ასაკის ჩათვლით, თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ამდენი უარი ერთად არ მომისმენია, ნუ, არც წამიკითხავს;
თუმცა „არას“, მეტი თუ არა – თანხმობაზე ნაკლები დატვირთვა არ აქვს;
„არა“ – პასუხია, – სწორი, მყარი, უდავო, უაპელაციო და ხშირად შემდგომი ნაბიჯის მკვეთრად განმსაზღვრელი;
თანხმობისგან განსხვავებით – „არას“ არასდროს არ აქვს გარდამავალი ფერი – თუ არ ჩავთვლით მოძველებულ და სავარაუდოდ მცდარ მოსაზრებას – „ქალის არა-კი-ს ნიშნავს“ ნარატივით;
პრეისტორია:
აქამდე იყო ბევრი სწავლა, უფრო მეტი შრომა, კიდევ უფრო მეტი მიზანდასახულობა და გაცილებით უფრო მეტი დაბრკოლება;
შედეგიც დადგა;
თანმიმდევრულად, ეფექტურად, კანონზომიერად და სრულიად დამსახურებულად ყველა შესაძლო მენეჯერული პოზიცია, თანამდებობა, ანაზღაურება – პრაქტიკულად 16-წლიანი უწყვეტი კარიერული განვითარების ისტორიით და უამრავი საინტერესო პროექტით თუ შემოთავაზებით;
რა ღირს კომფორტი?
კომფორტს თავისი ფასი აქვს – და მას სახელად სტაგნაცია ჰქვია;
ის გარდაუვალია, განურჩევლად ყველას ემართება და შედეგად უკუსვლას და არასტაბილურობის, არასაჭიროების და წარუმატებლობის შეგრძნებას იწვევს; აი, დაახლოებით ისე – საშუალო ასაკის კრიზისის დროს რომ ემართებათ ადამიანებს, ყველა ხელმისაწვდომ სისულელეს ერთიანად რომ სჩადიან – ადრენალინის ძიებაში და ბოლოს ისევ საწყის წერტილს უბრუნდებიან – უფრო დაღლილები, უფრო დემოტივირებულები და ცალსახად უფრო მოხუცები;
გამოდი:
„ახალი გამოწვევა“ – ტრენდული დასახელებაა საკუთარი თავის გამოცდის, განვითარების და ყველასთვის იმის დამტკიცების, რომ, რაც აქამდე გააკეთე – სრულად შენი ინტელექტუალური კაპიტალის საფუძველზე აშენდა და თუ მოგინდება , სულაც ნულიდან დაიწყებ და უფრო მეტსაც მიაღწევ.
ძნელია?
კატასტროფულად რთულია – ახალი გარემო, უცხო ადამიანები, ადგილი, სადაც არავინ ხარ, სადაც თავიდან უნდა დაამტკიცო შენი ღირებულება , საჭიროება და ისწავლო ყველგან, ყველასგან, ყველაფერი, საკუთარი დროის, ენერგიის, ძილის, კვების, გართობისა და, ზოგადად, ცხოვრების ხარჯზე;
ამ დროს არ ცხოვრობ, ამ დროს ხარ მენტალურად „მშიერი“;
აქ, ამ სივრცეში და ასეთ სტრესულ გარემოში იღებ იმ ადრენალინს, რომელიც გაძლევს ძალას თავიდან დაიბადო, დაიბადო ისეთი – როგორიც შენს მიზნებს და გეგმებს შეეფერება, გახდე ის, ვინც „გაანგრევს“, შეძლებს, მიაღწევს…
შენ – საზღვრების გარეშე
ღირს ამად?
ცალსახად ღირს;
ცხოვრების მთავარი მიზანიც ხომ საკუთარი თავის აღმოჩენაა – ამ პროცესს თუ ასე შევხედავთ, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება;
ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი – შენ უკვე იყავი ფსკერზე – იქ მეორედ ვეღარ აღმოჩნდები;
რატომ არის „არა“ მნიშვნელოვანი?
„არას“ ორი მხარე ჰყავს – მოპასუხე და მომლოდინე ;
„არას“ ვერ თქმა მოპასუხისგან , ან პასუხის ვერ მიღება მომლოდინისგან – ორივე მხარისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს:
დღეს უამრავი კვლევა გვეუბნება: პირველი, რაც შვილს უნდა ვასწავლოთ, არის „არა“-ს თქმა , მაშინ, როდესაც მას არ სურს რაიმეს გაკეთება: კლუბში წასვლა მეგობრებთან ერთად, ნარკოტიკის გასინჯვა, ღამის გატარება მეგობარ ბიჭთან, ან თუნდაც კანფეტის მიღება უცხო გამვლელისგან;
ასე ყალიბდება თავისუფალი პიროვნება, რომელიც არც თავის და არც სხვის დროს, ენერგიას და ემოციას უსაფუძვლოდ და უმიზნოდ არ ფლანგავს ;
დღევანდელ სამყაროში „არა“-ს თქმის კულტურა უდიდეს ღირებულებადაა მიჩნეული და უფრო მეტიც – უამრავ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ ძალადობას გვარიდებს სხვადასხვა სიტუაციაში;
კორპორაციულ სამყაროში პასუხის დროულად დაბრუნება – ბიზნეს-ეტიკეტის ნაწილია;
ადამიანებთან ურთიერთობაში – „არა“ – ყალბ დამოკიდებულებას გვარიდებს, სწორ მოლოდინებს ქმნის და სტრესისგან გვათავისუფლებს;
როცა ჩვენგან პასუხს ელიან, ჩვენ კი პასუხს მხოლოდ იმის გამო ვწელავთ, რომ უარის თქმა არ გვინდა, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ იმ ადამიანში ვიწვევთ უამრავ ისეთ ემოციას, რომელიც მას მორალურად ანადგურებს და სიცოცხლის ძალას უკარგავს:
გაურკვევლობა, მოლოდინი, იმედგაცრუება, დემოტივაცია და რაც მთავარია, დროის კარგვა – ეს არის ხშირად შედეგი, როდესაც არ ვიცით ვაკეთებთ თუ არა იმას, რასაც ჩვენგან ელიან; შედეგად ვიღებთ წარუმატებლობის სერიებს;
მე 100 „არას“ შემდგომ
პირველი ათეული უარის მოსმენისას ჩემი ეგო შეირხა, შეტორტმანდა, ადრენალინმა სისხლში მოიმატა, გული აჩქარდა, მარცხენა მხარეს ბოღმამ, სიბრაზემ და იმედგაცრუებამ მჩხვლეტავი ტკივილის ფორმა მიიღო და იქვე დარჩა დიდი ხნით :
„რას ნიშნავს – არა?“, „არ არსებობს“ , „ ანუ – რანაირად?“
გონება სწრაფად, თუმცა მრისხანედ მუშაობდა და ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა:
„აი ნახავთ, სულაც არ დამჭირდებით არავინ, მე თვითონ მივაღწევ, დახმარების გარეშე, მე თვითონ და მერე…
შეჩვეული ვარ – 100- ჯერ მეტის კეთება მიწევდეს თანაბარუფლებიანობის დასამტკიცებლად, თუმცა აქ, დემოკრატიულ, თავისუფალ, ოცნების ქვეყანაში, – ჩემი მიზანი – „მასლოუს პირამიდის“ ბაზისით განსაზღვრული – ბინა, საკვები და შემოსავალი – სრულიად მიუღწეველ „ოცნებად“ იკვეთებოდა;
მთელი თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როდესაც გავიაზრე, რომ:
არავის ბრალი არ არის შენი წარუმატებლობა კონკრეტულ საქმეში;
არავინ დაგპირებია, რომ მარტივი იქნებოდა;
ვარ გარემოში, სადაც მე არ მთავაზობენ – მე ვთავაზობ;
ჩემი შეთავაზება არ არის ღირებული, მისაღები, საჭირო ან საინტერესო მათთვის;
ანუ – უნდა შევცვალო – დამოკიდებულება, მიდგომა, თუ საჭიროა გავიღრმაო ცოდნა კონკრეტულ საკითხებში და რაც მთავარია, – დავსვა შეკითხვა, მივიღო მეტი ინფორმაცია, ვითხოვო დახმარება – სწორი ადამიანებისგან; (Ask, Ask, Ask)
დახმარების თხოვნა – არ „ტეხავს“;
„ტეხავს“ – როცა პროფესიონალს არაფერი გაქვს ღირებული, რომელსაც დადებ მაგიდაზე და იტყვი: „ამას ჩემზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს , თქვენ ეს გჭირდებათ, მე ეს შემიძლია“.
მას შემდეგ, რაც ჩემი ეგოს სიმაღლე ნორმას დაუბრუნდა, სიბრაზის ხარისხმა იკლო და „უსამართლობის შეგრძნება“ – „რა არის შემდეგი ნაბიჯი?“-მ-შეცვალა – სრულიად ნათელი გახდა – ვინ ვარ, საით მივდივარ, რას ვაკეთებ ამისთვის და რა არის ჩემში ის ღირებული, საინტერესო და ექსკლუზიური – რაც შემიძლია შევთავაზო სხვას;
მადლობა დროული „არა“-სთვის ;
მადლობა შესაძლებლობისთვის!