ძლიერი ქალი თავდაჯერებულია, იცის რა სურს და ძალიან ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად. იყო ძლიერი ქალი ნიშნავს, მაშინაც კი არ შეწყვიტო მიზნისკენ სწრაფვა და არ გაჩერდე, როდესაც ბევრი სირთულე და დაბრკოლება გეღობება წინ. ქალმა, რომელზეც უნდა გიამბოთ, იცის, რომ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის.

მაშ, ასე, ჩემი რესპოდენტი 27 წლისაა. ის შვედეთიდან სინგაპურში 9 წლის წინ სასწავლებლად ჩავიდა და სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობაც იქ დაიწყო. ახლა ნელი ვარტოფტი (Neellie Wartoft) Startup Tigerhall-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა მომხმარებლებს განათლების ინოვაციურ გზას სთავაზობს.

იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც რეკრუტორად (რეკრუტირება არის პროცესი, რომელიც კომპანიებში ახალი თანამშრომლების აყვანას გულისხმობს) ერთერთ ყველაზე დიდ კომპანია Michael Page-ში მუშაობდა, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების რეკრუტინგში სპეციალიზირდება. ნელი ვარტოფტი დღის განმავლობაში რამდენიმე კანდიდატს ხვდებოდა და სამუშაოს მაძიებლებთან გასაუბრებას ყოველთვის ერთი და იგივე კითხვით იწყებდა: „რისი გაკეთება გსურთ?“ პასუხიც, მუდმივად იდენტური იყო ‒ აპლიკანტებს ყველაზე მეტად აღმასრულებელი დირექტორობა ან სხვა, რომელიმე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობა სურდათ, თუმცა მათ არ იცოდნენ როგორ მიეღწიათ ამ მიზნისთვის.

„რაც დრო გადიოდა, მით უფრო ცხადი იყო შეუსაბამობა, ‒ მიყვება ნელი, ‒ ერთ მხარეს იყვნენ კომპანიები, რომლებიც მაღალკვალიფიციურ კადრებს ეძებდნენ, შესაბამისი ცოდნით, ხოლო მეორე მხარეს ‒ კანდიდატები, კარგი რეზიუმეებით, მაგრამ არასათანადო უნარ-ჩვევებით, განსაკუთრებით კი ე.წ. “soft skills”-ის არარსებობა იყო თვალშისაცემი, რის გარეშეც ვერ შეძლებდნენ ემუშავათ დღევანდელ, სწრაფად ცვალებად ბიზნეს სამყაროში“.

ნელი ვარტოფტის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა Tigerhall-ი აპლიკაციის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას იხელმძღვანელონ და გაითვალისწინონ წარმატებული ადამიანების რჩევები, ისწავლონ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც უკვე მიაღწიეს წარმატებას. „ის, რისი გაკეთებაც გსურთ ან რაზეც ოცნებობთ, ხშირ შემთხვევაში უკვე განახორციელეს სხვა ადამიანებმა, ამიტომ Tigerhall-ის დახმარებით შეგიძლიათ ისწავლოთ პირდაპირ მათგან, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას, მოუსმინოთ და გაიზიაროთ მათი ხედვა, გაითვალისწინოთ მათ მიერ დაშვებული შეცდომები“ – ამბობს ნელი.

მოგეხსენებათ, გადატვირთული რეჟიმისა და მუდმივად დროის უკმარისობის გამო, წარმატებულ ადამიანებს, არ აქვთ შესაძლებლობა, ასწავლონ სხვებს და გახდნენ მენტორები, სწორედ ამის გათვალისწინებით, ონლაინ პლატფორმა Tigerhall-ი პროფესიონალების ცოდნას, Podcasts and power reads-ის მეშვეობით, ინტეგრირებული აპლიკაციის დახმარებით აცნობს მომხმარებლებს.

ამ ეტაპზე Tigerhall-ს ოთხი ძირითადი პროდუქტი აქვს podcasts, power reads, private dinners and one on one mentorship და 4 ქალაქში ოპერირებს: სინგაპურში, კუალა-ლუმპურში, ბანგალორში და მუმბაიში. აპლიკაცია ხელმისაწდომია მთელ მსოფლიოში.

როგორ აღმოჩნდით სინგაპურში?

ნელი ვარტოფტი: „შვედეთის პატარა ქალაქში დავიბადე, რომლის დათვალიერება 15 წუთში შეგიძლიათ (იცინის). 12 წლის ვიყავი, როცა ინგლისურის სწავლა გადავწყვიტე და Wall Street Journal-ისა და იმ საერთაშორისო გამოცემების კითხვა დავიწყე, რომლებშიც აზიის შესახებ იბეჭდებოდა პუბლიკაციები. შვედეთის მედია ძირითადად, აშუქებდა ახალ ამბებს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შესახებ, აზიაზე კი მხოლოდ მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა. როდესაც 18 წელი შემისრულდა singaporeairlines.com-ზე შევიძინე ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით და ოჯახის წევრებს გამოვუცხადე, რომ სინგაპურში წასვლას და იქ ცხოვრებას ვგეგმავდი. არავის სჯეროდა! ასე ჩავალაგე ჩემოდანი, წავიღე ყინულის ჰოკეის აღჭურვილობა და 2011 წლის 1 ოქტომბერს სინგაპურში გავფრინდი“.

როგორი განცდა იყო, როდესაც სახლიდან შორს, უცხო გარემოში აღმოჩნდით?

ნელი ვარტოფტი: „თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო იყო ის, რომ უკან დაბრუნება მომიწევდა. სინგაპურში ჩემი ბიზნესით ჩავედი, რომელიც 15 წლის ასაკში დავიწყე. ეს იყო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელიც შემდგომ საკონსულტა­ციო კომპანიად გადაიქცა. სინგაპურში ერთდროულად დავიწყე სწავლა და სტაჟირება ერთ-ერთ სკანდინავიურ კომპანიაში, რომელიც კომპანიებს აზიაში რელოკაციის, (ადგილმდებარეობის შეცვლის) განხორციელებაში ეხმარებოდა. აქ, სინგაპურში, ბევრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემს მშობლიურ ქალაქში. შვედეთში „შავ ცხვარად“, უცნაურ და თავქარიან ადამიანად მთვლიდნენ. სინგაპურში კი მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ“.

ონლაინ პლატფორმას სახელი Tigerhall-ი მატარებელში ხანგრძლივი მგზავრობის დროს დაარქვა. „6 საათი მქონდა დრო, რომ ჩემი ბიზნესისთვის სახელი მომეფიქრებინა. მინდოდა რაღაც აზიური და ამასთანავე, წარმატების სიმბოლო ყოფილიყო, რომლის წარმოთქმასაც ყველა შეძლებდა. ვეფხვი (Tiger) სიძლიერის სიმბოლოა. ჰოლი (Hall) კი არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ანუ Tigerhall-ზე ის ადამიანები იკრიბებიან, ვისაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა და წარმატების მიღწევა სურთ. როცა მატარებელი სადგურში გაჩერდა, გახარებულმა წამოვიძახე Tigerhall!“ – ღიმილით იხსენებს ნელი.

ვინ არიან Tigerhall-ის მომხმარებლები?

ნელი ვარტოფტი: „სამწუხაროდ, არ შემიძლია გაგიმხილოთ კლიენტების ვინაობა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი ყველაზე დიდი ამერიკული სოციალური ქსელია, ასევე სინგაპურის ყველაზე დიდი ბანკი. კლიენტებს შორისაა ძალიან ბევრი საკონსულტაციო და სადაზღვევო კომპანია. ჩვენი კლიენტების უმრავლესობა ფინანსურ და ტექნოლოგიების სფეროს წარმოადგენენ“.

როგორ იყენებენ ისინი Tigerhall-ს?

ნელი ვარტოფტი: „კომპანიები თითოეული თანამშრომლის გადამზადებისა და განვითარების სერვისებში, ტრენინგებში დიდ თანხებს ხარჯავენ. იმიტომ, რომ ეს უკავშირდება თანამშრომლების შენარჩუნებას. მართალია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაჯდეს კომპიუტერთან, უყუროს ვიდეოებს, გაიაროს ონლაინ კურსი და შემდეგ ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ მოგეხსენებათ, მილენიალები მათზე დიდებისგან, უფროსი თაობისგან განსხვავებით, დიდ დროს არასდროს უთმობენ ხანგრძლივი და მოსაწყენი ვიდეოების ნახვას. ჩვენი კლიენტები Tigerhall-ს იმიტომ იყენებენ, რომ ჩვენი კონტენტი არის ხანმოკლე და გიქმნის პოზიტიურ განწყობას, რომ მცირე დროის მონაკვეთში, რაღაც პროდუქტიული გააკეთე. მაგ., თუ ელოდებით ავტობუსს ან ზიხართ მანქანაში და გაქვთ თავისუფალი 10 წუთი, შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს ტელეფონში. დარეგისტრირების შემდეგ ვეკითხებით მომხმარებელს, რა აინტერესებს, რა არის მისი მიზანი და ამის მიხედვით ვთავაზობთ ისეთ თემებს, როგორიცაა: ლიდერშიფი, პირადი განვითარება, ფინანსები და სხვ. შემდეგ კი ყოველდღიურად ვუგზავნით მათთვის საინტერესო თითო კონტენტს მიზნების განხორციელების გასამარტივებლად. ჩვენ კომპანიებს ვაწვდით ინფორმაციას მათი თანამშრომლების ინტერესთა შესახებაც. ამით ვეხმარებით თანამშრომლების შენარჩუნებაში და მათი ლოიალობისა და კეთილგანწყობის გაზრდაში“.

ნელის თქმით, Tigerhall-ის მომხმარებლებში ყველაზე ხშირად დასახელებულ მიზანსა და ამოცანას, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის შესწავლა წარმოადგენს, ხოლო ყველაზე უფრო ხშირად წაკითხვადი ტექსტია „როგორ ვმართოთ ადამიანები, რომლებსაც სუპერ ეგო აქვთ“.

„ძირითადად ადამიანებს აინტერესებთ ისწავლონ ან გაიუმჯობესონ ე.წ. “soft skills“. საბაზისო, მყარ ცოდნას ვიღებთ სკოლაში, უნივერსიტეტში და ა.შ. მაგრამ ტრადიციული განათლების ინსტიტუტები არასდროს გვასწავლიან ე.წ. “soft skills“. სწორედ ამიტომ უჭირთ ადამიანებს ეფექტური კომუნიკაცია, სხვებთან კოლაბორაცია, პრეზენტაციის გაკეთება, ადამიანების დარწმუნება და ზუსტად ამაში ეხმარება Tigerhall-ი მომხმარებლებს“, – ამბობს ნელი ვარტოფტი.

აქვე გეტყვით, რომ Tigerhall-ის აპლიკაცია შეგიძლიათ play store-იდან და app store-იდან გადმოტვირთოთ. მე, Tigerhall-ის ყოველდღიური მომხმარებელი ვარ და ჩემი ფავორიტი თემებიც მაქვს.

არ დაგიმალავთ, აღფრთოვანებული ვარ ჩემი რესპოდენტის უნარით კონცენტრირდეს მხოლოდ საქმეზე, დაისახოს მიზანი, დაუწესოს საკუთარ თავს კონკრეტული ვადები და ობიექტურად შეაფასოს ძლიერი და სუსტი მხარეები. ბევრ ადამიანს უჩნდება იდეა, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი, ვფიქრობ, ამ იდეის განხორციელებაა. ამ პროცესში, თითქმის ყოველთვის, ადამიანები იწყებენ თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას, უჩნდებათ შეგრძნება, რომ ვერ შეძლებენ დასახული ამოცანის შესრულებას ან იდეა არ გაამართლებს, ასევე ჩნდება წარუმატებლობის შიშიც. ვუსმენ ნელის და ვრწმუნდები, რომ წარმატების მოპოვებას ხშირად განწყობა განსაზღვრავს.

„თუ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შევძლებდი, ‒ აგრძელებს ნელი, ‒ ეს სამყაროს დასასრული ნამდვილად არ იქნებოდა. ჩემი მეგობრები, ნაცნობები სწავლობდნენ და თავდაუზოგავად შრომობდნენ კარიერული წინსვლისთვის, მე კი რაღაც სხვა, სრულიად განსხვავებული მინდოდა მეკეთებინა. ვფიქრობდი, რომ დასაკარგი არაფერი მქონდა. შემეძლო, უბრალოდ მეცადა და თუ არაფერი გამოვიდოდა, ისევ გამეგრძელებინა რეკრუტინგში მუშაობა. ასე რომ, პირველი ნაბიჯის გადადგმა რთული ნამდვილად არ ყოფილა. სულ რომ არაფერი გამოსულიყო, გამოცდილებას მაინც მივიღებდი. მინდა გითხრათ, რომ Tigerhall-ის წარმატება ჩემი გუნდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა“.

სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის დროს, უამრავ სტარტაპერთან მქონდა ურთიერთობა. ბევრმა ვერ გაუძლო მუდმივ სტრესსა და დაძაბულობას, ზოგიერთი მათგანი burn out-მდეც კი მივიდა. ინტერვიუს განმავლობაში ვაკვირდები ჩემს რესპოდენტს, მის რეაქციებს, ემოციებს და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საკმაოდ მშვიდია, ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებს. ნუთუ მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია? – ვეკითხები საკუთარ თავს.

დამაინტერესა, შექმნია თუ არა ნელის, რაიმე სახის დაბრკოლება როგორც ქალს. „არასდროს შეუშლია ხელი ჩემს სქესს არც პროფესიის არჩევისას და არც საქმიანობაში. დრო არ დამიხარჯავს ჩემს სქესზე ფიქრისთვის, ‒ მეუბნება ნელი, ‒ თუმცა, ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს ინვესტორმა მოულოდნელად მკითხა, როდის ვაპირებდი ოჯახის შექმნას და ისიც კი ჩაილაპარაკა, რომ ჩემს ასაკში ქალები უკვე შვილების გაჩენაზე ფიქრობენ. ყველაზე უჩვეულო ამ სიტუაციაში იყო ის, რომ ინვესტორი თავად იყო ქალი. მან ინვესტიციის ჩადება ჩემს პროექტში პოტენციურ რისკად შეაფასა, რადგან შესაძლოა, უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნაზე მეფიქრა. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო და საკმაოდ უსიამოვნო განცდა დამეუფლა… ამ ეტაპზე, ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედის ოჯახის შექმნა…“

ყურადღებით ვაკვირდები, ამ ფაქტის გახსენებამაც კი არ ააღელვა. ისევ მშვიდია. საუბარს ვაწყვეტინებ და ბავშვობას ვუბრუნდებით: „12 წლამდე სამხედრო მფრინავი მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ ძალიან მაღალი ვიყავი ამისთვის (იცინის). შემდეგ საკუთარი ბიზნესის კეთება მომინდა, ეს საქმიანობა, აუცილებლად, საგანმანათლებლო სფეროსთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ზუსტად 15 წელი დამჭირდა ამისთვის და დღეს, ვაკეთებ იმ საქმეს, რაზეც ვოცნებობდი“.

ნელი ვარტოფტის სამომავლო გეგმებში Tigerhall-ით საერთაშორისო ექსპანსია პირველ ადგილზეა. ჯერ მალაიზიის და ინდოეთის დაფარვას შეეცდება, ხოლო შემდეგ მთელი აზიის. ასევე გეგმავს ისეთი ახალი პროდუქტების შექმნასაც, როგორიცაა gamification და rewards პროგრამები. მის მიერ ჩამოთვლილ პრიორიტეტებში Tigerhall-ის გუნდის მუდმივი გადამზადება და ახალი თანამშრომლების აყვანაც შედის.

ამასობაში ინტერვიუსთვის განკუთვნილი დროც გავიდა და ბოლო შეკითხვას ვუსვამ.

რა რჩევას მისცემთ ჩვენს მკითხველს? თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?

ნელი ვარტოფტი: „მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება. უფრო პირიქით ‒ ბედნიერებას მოაქვს წარმატება. ყოველთვის ვცდილობ, ბევრი დრო დავუთმო საყვარელ ადამიანებს, ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით… ეს არის ის, რაც მაბედნიერებს. მინდა გითხრათ, რომ გარისკვის გარეშე, რთულია მიაღწიო მიზანს. ვიცი, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში ქალები რთული გამოწვევების წინაშე დგანან და მათ ვეტყოდი, რომ იყვნენ უფრო გაბედულები და სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების“.

მე კი, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ თუ ენერგიას და რესურსებს მომქანცველ განცდებზე დავხარჯავთ, შესაძლოა აღარც გვეყოს ძალები საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად.

და ბოლოს, უნდა გამოგიტყდეთ, საკმაოდ ემოციური იყო ჩემი რესპოდენტისგან მენტალური ძალადობის, ფსიქოლოგიურ ზეწოლის შესახებ ნაამბობის მოსმენა. ქალს, 21-ე საუკუნეში, არ უნდა უხდებოდეს იმის მტკიცება, რომ მაშინაც შეუძლია იყოს წარმატებული, თუ ის არ არის გათხოვილი. წარმატებული, საქმიანი ქალის ღირებულება, არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, გეგმავს თუ არა უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას და არის თუ არა ის შვილებზე მზრუნველი დედა.

 

ავტორი: ანა ჩაგელიშვილი

No Comments Yet

Comments are closed