კორონა ვირუსის გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის სკოლები მიმდინარე კვირის პარასკევიდან დაიხურება, ხოლო ზაფხულისთვის დაგეგმილი A-level და GCSE გამოცდები გაუქმდება.
როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, ამ ეტაპზე ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს, როცა სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ ვაუჩერული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლისგან უფასო საკვებს იღებდნენ.
ინგლისში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სკოლების დახურვის შესახებ დაანონსდა უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ამ ეტაპზე გაერთიანებულ სამეფოში კორონა ვირუსის 2626 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 106 ფატალურად დასრულდა.