WHO: აშშ კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრი შეიძლება გახდეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი შეიძლება გახდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული ვირუსის ახალი შემთხვევებიდან 85% ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა, მხოლოდ ამერიკაზე კი ახალი დადასტურებული შემთხვევების 40% მოდის. ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ პოტენციურად, ამერიკა შესაძლოა პანდემიის ახალ ეპიცენტრად მოგვევლინოს.

ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 46 000-ზე მეტი ინფიცირებულია რეგისტრირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია 530 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების ტემპები ამერიკაში ზრდას აგრძელებს და შესაძლოა უხლოეს მომავალში იტალიის მონაცემებს დაეწიოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება გააკეთა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით.