მანიკა ასათიანი | ტელეწამყვანი

ტელეწამყვანმა მანიკა ასათიანმა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში საკუთარი თავი მამაკაცად „გარდაქმნა“ და თან ისე, რომ ამ გარდასახვის წყალობით პროექტის ‒ „ვინ-ვინ არის“ ‒ გამარჯვებულიც გახდა. ამბობს, რომ ეს ყველაზე განსხვავებული და ამაღელვებელი გამოცდილება იყო, რომელსაც სიამაყის შეგრძნებაც ახლავს თან. მანიკა მიიჩნევს, რომ შრომა გამართლებაზე მნიშვნელოვანია და, მარცხის მიუხედავად, შრომით მიზანს აუცილებლად მიაღწევ. მისი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია ემოციების, მოგონებებისა და ურთიერთობების გარდა. ხოლო საქმე, რომელსაც აკეთებს, მისთვის რუტინაცაა და სიამოვნებაც, თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის ცდილობს ყველა საქმე სიყვარულით აკეთოს.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

რაზე ვისაუბროთ დღეს ყავასთან?

შენთვის მომინდვია თემების შერჩევა.

ყავა შაქრით თუ უშაქროდ?

უშაქროდ.

ბრანჩი თუ ლანჩი?

მგონი, სადილი. უფრო მრავალფეროვანია და თან მე გურმანი ვარ, მიყვარს ჭამა და, შესაბამისად, უფრო გემრიელად სადილს მივირთმევ.

ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლია…

ბავშვობა მახსენდება ამ იდეებთან დაკავშირებით. რატომღაც ჩემს წარმოდგენაში არსებობდა ასეთი რამ ‒ „ჟელიბონის“ სახლი. თვალს რომ ვხუჭავდი, სულ ამ სახლში ვიყავი, სადაც კედელი, ყველა ნივთი იყო მოვარდისფრო, გამჭვირვალე წითელი. როცა მომინდებოდა, ვთქვათ, მოვაკბეჩდი მაგიდას… ასეთი წარმოდგენები მქონდა ბავშვობაში.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც გაგიკეთებია…

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიგიჟე იყო ის, რომ ბოლო ორი-სამი თვე მამაკაცად წარმოვადგენდი თავს. ვგულისხმობ შოუს ‒ „ვინ ვინ არის“, სადაც ჩემი თავი გარდავქმენი და შევფუთე, როგორც მამაკაცი. რაღაცნაირად მეამაყება. ყველა ის ადამიანი მეამაყება, ვინც ეს შემაძლებინა და პლუს ისიც, რომ შევძელი და მათთან ერთად ეს გავაკეთე. უცნაური შეგრძნებაა ის, რაც ახალია. შესაძლებლობების ბეწვის ხიდზე გავიარე. ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა გამეკეთებინა მაქსიმუმი. რა შედეგს მოიტანდა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მჯეროდა, რომ მოიტანდა გამარჯვებას. სიამოვნებასთან ერთად იმდენად სტრესული იყო, რომ შედეგით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ხალხის სიყვარულითაც, რაც პროექტის შემდეგ ვიგრძენი. რაღაც დოზით ყოველთვის ვგრძნობდი ყურადღებას, სიყვარულს, სითბოს, მაგრამ, მგონია, რომ ამ პროექტმა გააასმაგა და, ალბათ, მათთვისაც რაღაც მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი ადამიანი გავახარე და გავაბედნიერე, ეს არის მთავარი გამარჯვება.

გამართლება თუ შრომა?

აუცილებლად შრომა. აი, მუდამ შრომა იმიტომ, რომ გამართლება სულ იქნება, ხან გაგიმართლებს, ხან არ გაგიმართლებს, მაგრამ შრომით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ. მე ამის მჯერა. დამარცხების შემდეგაც, თუ ადგები და კიდევ ერთხელ ცდი, არ ვიცი, მეორე ჯერზე, მესამე ჯერზე, როდისღაც მაინც გაგიმართლებს და შრომით მიაღწევ შედეგს.

მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…

მთავარი მიზანი, რაც ჩემს ცხოვრებას სულ თან დაჰყვება, მგონია, რომ ჩემმა მშობლებმა ჩადეს ჩემში. რაღაცნაირად ისე გამზარდეს, რომ ვცდილობ, ყოველდღიურობა ჩემს გარშემომყოფებს, მეგობრებს, თუნდაც უცხო ადამიანებს უფრო პოზიტიური გავუხადო, ოღონდ ამას ბუნებრივად ვაკეთებ. აი, ვერ ვიტან, თუ ვინმე ცუდ ხასიათზეა. ეს არის ჩემი ყოველდღიურობის მიზანი. დიდი მიზნებიც მაქვს, არ მიყვარს წინასწარ საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევ, იმიტომ, რომ შრომით ყველაფერი მოდის.

საქმე, რომელსაც აკეთებ, რუტინაა თუ სიამოვნება?

ხან ის, ხან ‒ ის. ორივე ერთად უფრო, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როდესაც იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. ამიტომ, ყველაფერში ვეძებ დადებით კუთხეს, რომ სიამოვნებით ვაკეთო და შედეგიც მაქსიმალურად კარგი დავდო.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

მომენტი, რომელიც მეხსიერებაში ძალიან მკაფიოდ გაქვს ჩაბეჭდილი…

ძირითადად ტკივილს უკავშირდება.

რისი ხმა გიყვარს?

წვიმის, ტალღების.

რაზე იტირე ბოლოს?

„ვინ-ვინ არის“ რომ მოვიგე და ყველა ჩემი უახლოესი ადამიანი რომ მილოცავდა და რამდენიმემ რომ ვერ მომილოცა ‒ აი, ეს რომ გავაანალიზე. დღესაც…

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

უსამართლობა. წყობიდან გამოვყავარ. ჩაგვრასთან ასოცირდება, პირველ რიგში. თუ პატარებს უკავშირდება, ამაზე საერთოდ სხვა ძალა იღვიძებს ჩემში და მინდა, რომ აღვუდგე, რა ძალითაც კი შემიძლია შევეწინააღმდეგო. ალბათ, ყველა ადამიანში დევს ეს.

რა ფერია ბედნიერება?

ფერადი.

ნდობა?

ნდობა- თეთრი და გამჭვირვალე, იმიტომ, რომ ნდობა ასოცირდება სისუფთავესთან და სუფთა გულით როცა ხარ ადამიანთან, იმას ამ ფერებში უყურებ.

რამე ცრურწმენა გაქვს?

კი, ალბათ, როგორც ყველას. მგონია, რომ ყველა ადამიანს გვაქვს. აი, „თვალი არ მეცეს“ ვიცი ხოლმე. არ მიყვარს დანის ხელში მიწოდება. ჩემი რაღაც რიტუალები მაქვს. თუ რაღაც მნიშვნელოვანია, შეიძლება ლოცვა წავიკითხო ჩემთვის, განვმარტოვდე და რაღაც ვთხოვო ღმერთს. თილისმებს არ ვაღიარებ.

რაში ხარჯავ ფულს დაუფიქრებლად?

როდესაც სხვისთვის ვყიდულობ საჩუქარს, ყველაზე მეტად ამ დროს არ მენანება ფულის ხარჯვა.

რომელ ფილმში და ვის როლს ითამაშებდი?

სრულიად ახალ ფილმში ვითამაშებდი. ასე წარმომიდგენია, რომ აი, მაგალითად, პედრო ალმოდოვარს შევხვდი, რაღაც დაინახა ჩემში. ჩემთვის თუ რაღაც როლს მოიფიქრებდა, უდიდესი სიამოვნებით შევასრულებდი. ამის გამოცდილება არ მაქვს.

ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი ასეთ საუბარს?

ყავასთან ერთად? მოდი, იყოს პედრო ალმოდოვარი, ბარემ, იქნებ ის ნაპერწკალი დაენახა და მერე მის ფილმშიც გაგვეღვივებინა.

რა არის შენი ცხოვრების სლოგანი?

ნაკლებად ვინერვიულო იმაზე, რასაც არ ეშველება და ასევე იმაზე, რასაც ეშველება. რაღაცნაირად ეს მიმარტივებს ცხოვრებას, რომ საქმით, შრომით და ძალისხმევით ყველაფერი მიიღწევა და იმაზე ნერვიულობა, რაზეც აზრი არ აქვს, არ ღირს. ისედაც ბევრი სტრესია ყოველდღიურობაში.

მანახებ რა გაქვს ჩანთაში?

კი ბატონო. აი, სათვალე და მაცივარზე მისაკრავი მაგნიტი. პუნტაკანაში ვიყავი, ერთი კვირაც არ არის რაც ჩამოვედი, დომენიკის რესპუბლიკას ვესტუმრე ორი კვირით. რაღაც ახალი პროექტია, რომელსაც მაყურებელი მალე ნახავს. ასე რომ, სამახსოვროდ წამოვიღე ეს. ჩვევა მაქვს, რომ რომელ ქვეყანაშიც ან ქალაქშიც მოვხვდები, იქიდან რაღაც სამახსოვრო მომაქვს. შესაბამისად, იქიდანაც დამრჩება ერთი.

აგროვებ მოგონებებს?

ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, ერთადერთი, რაც გვრჩება, არის შეგრძნებები, მოგონებები და ის ემოციები და ურთიერთობები, რასაც ვაგროვებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. მტკივნეულ მოგონებებსაც კი თავისი „ხიბლი“ აქვს ‒ თუ გტკივა, ესე იგი მძაფრი მოგონებაა და მძაფრად გახსოვს. თუ რაღაც მოგონება გახარებს და გაბედნიერებს, ესე იგი, ისიც რაღაც მნიშვნელოვანთან არის დაკავშირებული. ასე, ფრაგმენტებად მთელი ცხოვრება მაქვს შენახული, ალბათ, რამდენიმე სკივრია.