ნანიკო კლდიაშვილი ჯანსაღ ცხოვრების წესზე ორიენტირებული პლატფორმის ‒ „ლუმბას“ თანადამფუძნებელია. მისთვის ბავშვობა ბამბის ნაყინის გემოსთან ასოცირდება, მაგრამ იმედი აქვს, რომ მომავალი თაობისთვის ბავშვობის გემოდ უფრო ჯანსაღი ალტერნატივა, „ლუმბას“ ხემსები იქცევა. საქმე, რომელსაც აკეთებს, ნანიკოსთვის აბსოლუტური სიამოვნებაა. მთავარი მიზანი კი ცხოვრების საინტერესოდ გატარებაა. ნანიკოსთვის სილამაზე ჰარმონიულობასთან ასოცირდება და მიიჩნევს, რომ დაკარგული დრო არ არსებობს, რადგან „ყველაფერი რაღაცისთვისაა საჭირო“.
ნანიკო, ამ სკამით და მაგიდით სად გადაინაცვლებდი?
დიდი სიამოვნებით გადავინაცვლებდი ერიკ რომერის „ზაფხულის ზღაპარში“, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ზაფხულის რომანტიკას.
კერძი, რომლის გარეშეც ვერ გაძლებ…
არ არსებობს ჩემთვის ეგეთი კერძი იმიტომ, რომ სულ შემიძლია რაღაც ახალი, ჩემთვის საინტერესო კერძი აღმოვაჩინო.
ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი ინგრედიენტი არის…
რა ვიცი, მოცვი ავიღოთ ‒ პირველი, რაც მომაფიქრდა.
როდის გეგმავ დღეს?
დღეს, ალბათ, ვგეგმავ დღეს. სულ სპონტანურად ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს, თუ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ არის.
შენთვის რას აქვს ბავშვობის გემო?
ჩემთვის ბავშვობის გემო, ალბათ, ეზოს და ბამბის ნაყინს აქვს.
დიდი ხანია არ გიჭამია ბამბის ნაყინი?
ალბათ, ბავშვობის მერე აღარ მიჭამია.
საქმე, რომელსაც აკეთებ, რუტინაა თუ სიამოვნება, თუ ორივე?
საქმე, რომელსაც ვაკეთებ, არის აბსოლუტური სიამოვნება.
ყველაფერი ჩვენს ხელშია?
საბედნიეროდაც და სამწუხაროდაც, ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის.
მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…
ვეცდები, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრო.
ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი ყავასთან საუბარს?
ალბათ, ბაბუაჩემთან, რომელიც ძალიან მენატრება.
ნაკლები სტრესი, მეტი…
სიყვარული.
მომენტი, რომელიც მეხსიერებაში ძალიან მკვეთრად ჩაგებეჭდა…
ყველაზე მკვეთრი, ალბათ, ისევ და ისევ ჩემი შვილის დაბადებაა, მაგრამ მთელი ჩემი ბავშვობა ერთი მკვეთრი, სიყვარულით და ბედნიერებით აღსავსე მომენტია, რომელიც ხშირად მახსენდება ხოლმე სხვადასხვა ფრაგმენტით…
რა ფერი აქვს ბავშვობას?
ბავშვობას ჩემთვის, ალბათ, ყვითელი.
რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად, ალბათ, არაგულწრფელი ადამიანები.
რისი ან ვისი ხმა გიყვარს?
ჩემი შვილის.
ბოლოს რაზე იფიქრე, რომ ტყუილად დახარჯე დრო?
ადრე სულ მაწუხებდა ეგ აზრი. ვფიქრობდი, რომ ბევრ რაღაცაში ვკარგავდი დროს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, რაც უფრო ბევრ მოვლენას ვაწყდებით, ვხვდები, რომ დაკარგული დრო არ არსებობს. ყველაფერი რაღაცისთვისაა საჭირო და საინტერესო. ეს არის ჩვენი ცხოვრება.
რა ფერია ბედნიერება შენთვის?
ბედნიერება, ალბათ, მრავალფეროვანია.
სიყვარული?
ხან ჰაეროვანი ცისფერი, ხან ‒ წითელი, ხან ‒ მუქი.
ნდობა?
ნდობა ‒ ლურჯი.
რომელ ფილმში და ვის როლს ითამაშებდი?
კარგი კითხვაა. შეიძლება, „შეყვარებულები ხიდზე“ ჯულიეტ ბინოშის როლი მეთამაშა.
რაში ხარჯავ ფულს დაუფიქრებლად?
ყველანაირ სისულელეში.
ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლია…
უცნაური არ ვიცი, მაგრამ რთულად შესასრულებელი, რაც მომივიდა და ხშირად მომდის ხოლმე თავში, არის ის, რომ ფანრიან „ნოკიაზე“ მინდა გადასვლა.
გამართლება თუ შრომა?
გამართლება და შრომა.
სილამაზე არის…
სილამაზე არის ჰარმონიულობა, ალბათ.
ქალს ყველაფერი შეუძლია?
კი, აბსოლუტურად. მგონია, რომ ადამიანებს, საერთოდ, თითქმის ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ბევრი გარე ფაქტორიცაა. ყველაფერი ჩვენზე მაინც არ არის დამოკიდებული.