თეონა თავართქილაძე | “Beauty and the Box”-ის დამფუძნებელი

თეონა თავართქილაძე ყავასთან სილამაზეზე საუბრობს, რაც მისთვის ყოველდღიურობაა. საქმე, რომელსაც აკეთებს, მისთვის რუტინული სიამოვნებაა, ხოლო გრძელვადიანი შედეგი, მიაჩნია, რომ შრომასა და გამართლებას ერთად მოაქვს. მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, სიზმრებში კი ხან მომღერალია, ხანაც ‒ ტანმოვარჯიშე. თეონა ყოველ დღეს წინა საღამოს გეგმავს და დეტალურად წიგნაკში იწერს, ხოლო მისი საქმის ლაიტმოტივი ბრიჯიტ ბარდოს “Moi, Je Joue”-ა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

რაზე ვისაუბროთ ყავასთან?

სილამაზეზე ხომ არ ვისაუბროთ?

სილამაზე არის…

სილამაზე ჩემთვის არის ყოველდღიურობა.

რას აქვს ბავშვობის გემო?

ახლა, უცებ გამახსენდა მამალო, რომელიც ბავშვობაში იყო, მახსოვს გემო, მაგრამ მერე აღარ მინახავს არასდროს და კიდევ გამახსენდა ასეთი, მრგვლად შეკრული ბატი-ბუტი რომ იყო ზემოდან ჟოლოსფერი სიროფით, რომლის გემოზეც ვგიჟდებოდი. ახლახან, სხვათა შორის, შემხვდა და აი, რომ ვჭამე, უცებ მეგონა, ცირკში მამაჩემთან ერთად… ბავშვობა დაბრუნდა. ჩემი შვილი ამას კომუნისტურ გემოებს ეძახის, მაგრამ, რა ვქნა, ჩემი ბავშვობა იყო კომუნისტური.

ამ სკამით და მაგიდით სად გადაინაცვლებდი?

რადგან სილამაზეზე ვსაუბრობთ, მაშინ გადავინაცვლებ პარიზში, მაგალითად, სადმე სანჟერმენზე, ოღონდ ჩემთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ჯაბა დიასამიძე. მასთან ერთად გავაგრძელებდი სილამაზეზე საუბარს.

საქმე, რომელსაც აკეთებ, რუტინაა თუ სიამოვნება?

რუტინული სიამოვნება.

გამართლება თუ შრომა?

ერთჯერადად ‒ გამართლება, გრძელვადიანადშრომა და გამართლება.

როდის გეგმავ დღეს?

წინა საღამოს და აუცილებლად ჩამოწერით.

ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი საუბარს?

რადგან ბავშვობა ვახსენეთ, უცებ ძალიან მომინდა, რომ ბებიაჩემთან გავაგრძელო საუბარი.

მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…

იცი რა, არ მაქვს ასეთი შორი, ერთი მიზანი, არამედ მაქვს ბევრი პატარ-პატარა მიზანი და თითქმის გამოდის ხოლმე ყველაფერი.

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თავისი ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარე ამყარებს მოლოდინებს სხვაზე და შემდეგ რაღაცამ შეიძლება გააღიზიანოს და რაღაცამ ‒ არა. მე, მაგალითად, რადგან მგონია, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა უმაღლეს ხარისხში მაქვს, სხვისი უპასუხისმგებლობა მაღიზიანებს. საქმის მიმართ იმდენად მაქსიმალისტი ვარ, რომ სხვისი ზედაპირული დამოკიდებულების მიღება მიჭირს. თუმცა, მაინც ვცდილობ, რომ არ გავღიზიანდე. მაქსიმალურად ვცდილობ.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

ბოლოს რაზე იფიქრე, რომ ტყუილად დახარჯე დრო?

ყველა ჯერზე ამას ვფიქრობ, როდესაც დიდ დროს ვატარებ სოციალურ ქსელში და ბევრ არასაჭირო ინფორმაციას ვკითხულობ.

რა ფერია ბედნიერება?

სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ემოციასთან დაკავშირებული.

რა ფერია სიყვარული?

ეგეც ბევრი სხვადასხვა ფერია.

ნდობა?

ნდობა, ალბათ, მწვანე.

მომენტი, რომელიც მეხსიერებაში ჩაგებეჭდა…

ბევრი არის ასეთი, დადებითიც და უარყოფითიც. ძალიან ბანალური პასუხი იქნება, რომ ვთქვა ჩემს შვილებთან პირველი შეხვედრა, მაგრამ ასეა. პატარ-პატარა მომენტები, იგივე ბებიასთან დაკავშირებული, სულ მახსენდება და ამ დროს ბევრი მეუბნება: „ამჩნევ შენ თვითონ, რომ გეღიმება და შენს თავს თითქოს ელაპარაკები?“

რას მოვუსმინო ან ფონად ჩვენი საუბრის განმავლობაში რას ჩართავდი?

იცი, რა, თემად ავირჩიეთ სილამაზე, მაგიდა გადავიტანეთ პარიზში… ამიტომ რადგან ჩემი საქმის ლაიტმოტივია, მოდი, მოვუსმინოთ ბრიჯიტ ბარდოს ‒ “Moi, Je Joue”.

რას მირჩევ, რომელი ფილმი ვნახო?

ისევ რომელიმე ფრანგული ძველი კლასიკა.

რომელიმე ფილმში ითამაშებდი?

მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, თუმცა ძილის წინ და სიზმრებშიც ხან მომღერალი ვარ, ხან მოცეკვავე, ტანმოვარჯიშე და რაღაც ოლიმპიურ ჩემპიონატებშიც ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ აი, მსახიობობაზე არასდროს მიოცნებია.

ჩანთიდან ამოიღე პირველი, ხელში რაც მოგხვდება.

საერთოდ, პატარა ჩანთებით დავდივარ და ამიტომ ბევრი რამე არ მიდევს. ყველაზე დიდი, რაც შემხვდა, არის წიგნაკი. აი, რომ მკითხე მეორე დღეს როგორ გეგმავო, ამაში ვიწერ მთელ საქმეებს, რაც მეორე დღეს უნდა გავაკეთო და თან მაქვს, რომ მერე ჩავხედო ხოლმე.

როგორ გიწერია დღევანდელი გადაღება?

„იმედი“ ჯერ იმიტომ, რომ დილას ეთერში ვიყავი ჩემს გადაცემაში და მერე „კითხვები“ ‒ ასე მიწერია იმიტომ, რომ უნდა მეფიქრა, რაზე შეიძლებოდა მესაუბრა შენთან.

წითელი თუ ბორდოსფერი?

წითელი… ტუჩსაცხზე თუ მეკითხებოდი, შეიძლება ბორდოსფერი მეთქვა, მაგრამ რადგან წითელი ვთქვით, იყოს წითელი.