მუზარადი, როგორც ჰარმონიის სიმბოლო | აქ, ახლა – მემკვიდრეობა თანამედროვეობაში

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანა და ამ პროცესების მხარდაჭერაა. უძველესი სამოსის აღმოჩენის შემდეგ ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, რათა ქსოვილების უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა – ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge – ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.

საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

ფოტო: Christina Arutyunova

მუზარადი, როგორც ჰარმონიის სიმბოლო

ქეთევან ხერხეულიძის ინსპირაციის წყარო მოგზაურობაა, ამ დროს საუკეთესო იდეები მოდის. რადგან ხშირად მოგზაურობს იდეებიც ბევრია, რომელსაც შემდეგ საქართველოში, თბილისში ახორციელებს. ის ბრენდ „მუზარადის“ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. ბრენდი ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ, 4 წლის წინ გამოჩნდა.

უძველესი დროიდან მუზარადის ძირითადი ფუნქცია დაცვა იყო. დამცავ თავსაბურავს ამზადებდნენ ხისგან, არყის ხის ქერქისგან, ტყავისგან, ლითონისგანაც კი. ქეთევან ხერხეულიძემ კი საბრძოლო აქსესუარი სილამაზის, ჰარმონიის, მშვიდობის სიმბოლოდ აქცია. კოლექციის დეტალებში საგვარეულო გერბი გამოიყენა, ეს იმიტომ რომ გერბი მისთვის სიმბოლურთან ერთად ძვირფასი დეტალია. ასე შეიქმნა თანამედროვე, ოღონდ ისტორიით შთაგონებული და მოდის უახლესი სტარტების შესაბამისი თავსაბურავი, რომელიც თანაბრად პოპულარულია ქალებშიც და მამაკაცებშიც.

ბრენდი დაარსებიდან მალევე მოსკოვში, ერთ-ერთ გამორჩეულ კონცეპტ სთორი Indexflat-ზე გამოჩნდა. დიზაინერის თავდაუზოგავი შრომის შედეგად „მუზარადი“ მოხვდა ამერიკული „ვოგის“ და ფრანგული „ჟალუზის“ გვერდებზე. ქეთი გვეუბნება, რომ ასეთ გამოხმაურებას არ ელოდა. ახლა „მუზარადის“ თავსაბურავებს შეხვდებით ლოს-ანჯელესში, ბერლინში, თუმცა დიზაინერის მთავარი სტიმული ის არის, რომ მისი მუზარადი ძალიან უყვართ საქართველოში.

დიზაინერს განსაკუთრებით უყვარს და აინტერესებს ყველაფერი რაც საქართველოს, მის ისტორიას და კულტურას ეხება. ტრადიციული ქართული ქსოვილიც მისთვის, საქართველოს ისტორიის მატარებელია, ისტორიის ეს კონკრეტული ნაწილი სხვების მსგავსად ქეთევან ხერხეულიძემდეც გიორგი კალანდიას მეშვეობით მივიდა. ამ არგუმენტებით, მისთვის თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივმა პროექტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და შეთავაზებას მაშინვე დათანხმდა.

„იდეა, რომ ძველი ქართული ორნამენტი გადმოვიტანოთ თანამედროვეობაში და შევქმნათ სამოსი ძალიან დიდი საქმეა. ქართული ტრადიციული ქსოვილი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია. მე მიყვარს სიჭრელე და ვთვლი, რომ ფერი, ბევრი ფერი უნდა ვატაროთ. ეს არის სწორედ ქართული ქსოვილი.“

თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქეთევან ხერხეულიძემ ცხადია მისი ბრენდის მთავარი პროდუქტი შექმნა. ტრადიციული ქართული ქსოვილის მიხედვით შეიქმნა ნაჭერი, შემდეგ „მუზარადის“ კლასიკური ფორმის თავსაბურავი შეიკერა. დიზაინერი პროექტში დისტანციურად მონაწილეობდა, 13 წელია ზოგადად ასეა, თბილისში სტაბილურად არ არის, თუმცა ბრენდი იქმნება საქართველოში და არსად სხვაგან! თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტში დისტანციურად ჩართვა, მარტივი არ იყო, თუმცა ამას ქეთისთვის ხელი არ შეუშლია, ის შედეგით კმაყოფილია! „მუზარადის“ შედეგი კი ონლაიან მაღაზია Qsovili.ge-ზე საპატიო ადგილს იკავებს.

დიზაინერს მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის კოლაბორაციებს ისტორიული მნიშვნელობის დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ მცირე ბიზნესის განვითარებისთვის და მეორე მხრივ – კულტურული თვალსაზრით. დიდი საქმეა, შთამომავლობას შემოუნახო და გააცნო საგანძური, ამჯერად ტრადიციული ქართული ქსოვილის სახით.

„ჩვენი ისტორია ჩვენი მომავალია. ვთვლი, რომ ყველაფერი ღირებული, სწორედ მასზე დაყრდნობით იქმნება.“

No Comments Yet

Comments are closed