ძალიან ფერადი DARAIA | აქ, ახლა – მემკვიდრეობა თანამედროვეობაში

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანა და ამ პროცესების მხარდაჭერაა. უძველესი სამოსის აღმოჩენის შემდეგ ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, რათა ქსოვილების უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა – ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge – ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.

საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

ფოტო: ანა ბოკო

ძალიან ფერადი DARAIA

ქეთა ლომიძე მარკეტერია, თინა ალექსიშვილი – მსახიობი. არც პროფესიულ სხვაობას და არც დიზაინერის დიპლომის არქონას შეუშლია ხელი, ბედი რომ მოდის ინდუსტრიაში ეცადათ. გოგოების ინსპირაციის წყარო მხატვარ მარიამ ბარდაძის მიერ შექმნილი ნამუშევრები გახდა, ამიტომ არის, რომ როცა კომპანიის დამფუძნებლებს ეკითხები ვინ დგას Daraia-ს უკან, გვპასუხობენ, რომ ჯერ მხატვარი და მერე ქეთა და თინა ერთად.

ჭრელი, მკვეთრი ფერები, არადამახასიათებელი ფორმები და უცნაური ფიგურები – ასე ახასიათებენ Daraia-ს დამფუძნებლები. ამ ქართული ბრენდის პროდუქცია მრავალფეროვანია:საცურაო კოსტიუმები, თავსაბურავები, ჰალსტუხები, შარვლები, პერანგები, ჩანთები, სკამები, ჰამაკები. Daraia სულ ახლის ძიებაში და მერე მის დახვეწაშია, ბრენდის დამფუძნებლებისთვის ხარისხი უმთავრესია.

„ჰარმონიულ მთლიანობაში მოსაყვანად აუცილებელია ესთეტიკა, რომელიც საუკეთესოდ აერთიანებს სტილს ხარისხთან. არსებობს შემოქმედებითი ინტუიცია, რომელიც თითქოს წინასწარ გკარნახობს განწყობას, რა შეიძლება მოგეწონოს ხვალ. თუ სწორად გაჰყვები, აუცილებლად მოგჰყვება საზოგადოებაც ‒ ზოგი უცებ, ზოგიც მოგვიანებით… რა თქმა უნდა, უფრო იოლია უკვე დამკვიდრებულ ტენდენციებს მიჰყვებოდე ბაზარზე, თუმცა ამაში არც შემოქმედებითი და არც ინდივიდუალური იმპულსები არაა, ამიტომ, როცა ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს დამკვიდრებულსა და დასამკვიდრებელს შორის, ყოველთვის ვცდილობთ, დავარწმუნოთ დამკვეთი სიახლის აუცილებლობაში და ამის მიღწევა თანდათან სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, ალბათ იმიტომ, რომ გაიზარდა გამოცდილება და, აქედან გამომდინარე, გაჩნდა ნდობაც ჩვენ მიმართ.“

ჭრელი და ფერადი პროდუქციის მომხმარებელიც „ჭრელია“. აქ სხვადასხვა სტილისა და განწყობის ადამიანი მისთვის სასურველს ყოველთვის იპოვის. პრინტებიდან გამომდინარე Daraia ახალგაზრდული ხაზია, თუმცა ის მკაცრი კონტურებისა და მინიმალისტური სტილის მქონე მომხმარებლებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

Daraia-ს პროდუქციას ინტერნეტში ნახავთ, ბრენდის კოლექციის რეალიზაცია ონლაინ პლატფორმებით ხდება, თუმცა Daraia თანამშრომლობს ბაიერებთანაც. გარდა საცალო რეალიზაციისა, კომპანია ბევრი წელია კორპორატიულ სეგმენტსაც ემსახურება. ეს დამფუძნებლებს განსაკუთრებით ახარებთ.

„ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა დიდი კომპანიის მომსახურე პერსონალს ჩვენი შექმნილი პროდუქცია უკეთია ან მოსავს ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა. ძალიან სასიხარულოა, რომ დამკვეთი უპირატესობას ქართულ ნაწარმს ანიჭებს, ვიდრე ჩინეთიდან ან თურქეთიდან რეალიზებულ პროდუქციას.“

Daraia-სა და თიბისის თანამშრომლობა ბევრ წელს ითვლის. ბრენდის ავტორები გვეუბნებიან, რომ ბანკი ყოველთვის საინტერესო პროექტებით გამოირჩევა. ქეთას და თინას განსაკუთრებით მოსწონთ, რომ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა შემოქმედებითი კუთხით ძალიან დიდი თავისუფლებას იძლევა, არ აწესებს ჩარჩოებს და ორიენტირებულია ხარისხზე, ამიტომაც მიიჩნევენ რომ თიბისისთან კოლაბორაცია ყოველთვის ამართლებს.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ვისაც ქსოვილების პროექტის შესახებ გაანდეს და მაშინვე მოვიხიბლეთ. ვხვდებოდით, რომ საინტერესო შემოქმედებითი პროცესი გველოდებოდა და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა. პროცესი შრომატევადი აღმოჩნდა, მთავარი იყო ზუსტად ის ფერთა გამა, ხარისხი და ვიზუალი მიგვეღო რაც გვინდოდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ პროექტის ფარგლებში შეგვექმნა პროდუქცია, რომელიც იქნებოდა ხელშესახები, თანამედროვე, მაგრამ უნდა შეგვენარჩუნებინა ისტორიული ქსოვილის განსაკუთრებული დეტალები. ვფიქრობთ, ჩვენი კოლაბორაცია საინტერესო გამოვიდა, რადგან პროექტის ფარგლებში, შევქმენით ბევრი სხვადასხვა სტილის და ფორმის ნივთები თუ აქსესუარები.“

No Comments Yet

Comments are closed