აქ, ახლა – მემკვიდრეობა თანამედროვეობაში

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ამიტომ იყო, რომ ხელოვნების სასახლის მიერ 2018 წელს გამოცემული წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“ ბანკის მარკეტინგის თანამშრომლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ, როცა შემთხვევით ოფისის დალაგებისას, ის წიგნების თაროზე აღმოაჩინეს. წიგნში 200-ზე მეტი ფრესკიდან 300-მდე პატერნია თავმოყრილი. ეს წიგნი აჩვენებს რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი, როგორი იყო ჩაცმის კულტურა და რა ახდენდა მასზე გავლენას. ყოველ ახალ ფურცელთან ერთად თიბისის თანამშრომლებისთვის ახალი იდეები იშლებოდა, რა თქმა უნდა, ისტორიის კვალდაკვალ. თიბისის მარკეტინგის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს უნიკალური მასალა წიგნის ფურცლებს უნდა გასცდენოდა, ფართო მასებამდე რაღაც სხვა ფორმით მისულიყო.

„დიდხანს ვუტრიალეთ. დავიწყეთ ფიქრი, რაში შეიძლებოდა გამოგვეყენებინა საუკუნეების წინანდელ სამოსზე დატანილი უნიკალური პატერნები. პროცესში ბევრი რამ ვცადეთ ‒ ბევრ რაღაცაზე დავიტანეთ ‒ ბლოკნოტებზე, ფანქრებზე და ბოლოს მივხვდით, რომ რაღაც ახლის მოფიქრება სულაც არ იყო საჭირო. ეს პატერნები უნდა დაბრუნებოდა იგივე დანიშნულებას, რა დანიშნულებაც ჰქონდა ადრე. მათ იგივე სიცოცხლე უნდა გაეგრძელებინათ“– კოკა ქამუშაძე, თიბისის შემოქმედებითი ლიდერი

რადგან თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში გადმოტანაა, ბანკმა ჩათვალა, რომ იგივე ტიპის სამოსი კი არ უნდა შექმნილიყო, არამედ რაღაც ახალი, თანამედროვე, იმისთვის რომ უნიკალური პატერნები ფართო საზოგადოებას მარტივად მიეღო, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებულიყო და ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო. აქ, ახლა ასე დაიბადა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი, Qsovili.ge, ანუ ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველი დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

იდეის რეალიზებას რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს პერიოდი თიბისიმ სტარტაპებთან, ბრენდებთან და დიზაინერებთან შეხვედრას მოანდომა. ბანკის წარმომადგენლები მათ საკუთარი იდეის შესახებ უყვებოდნენ, აძლევდნენ წვდომას უნიკალურ მასალაზე და აძლევდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – თავისუფლებას – წიგნში არსებული პატერნებით შეექმნათ ისეთი პროდუქცია, როგორიც თავად წარმოედგინათ.

საბოლოოდ, თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 20-მდე მეწარმე გააერთიანა. პროდუქცია და Ready to Wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა. ახლა Qsovili.ge-ზე „დარაიას“, ლაკო ბუკიას, Rose Moda-ს, „მუზარადის“, Side Size-ის, კერამიკ სტუდიას, „ლაკოიაჟის“, Spilow-ს, Why Not Gallery და სხვა დიზაინერებისა თუ სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ორიგინალური ნივთების შეძენაა შესაძლებელი.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ პროექტი, რაც შეიძლებოდა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ისტორია არის არა მხოლოდ ხსოვნა წარსულისა, არამედ იგი ამასთანავე ქმედითი მონაწილეა თანამედროვეობის, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა. გვინდოდა პროექტი მუზეუმის საცავებიდან და განჯინებიდან გასულიყო და რიგით მოქალაქეებამდე მისულიყო, თიბისისთან თანამშრომლობის ტრადიცია კარგი გვქონდა. მოხარული ვართ, რომ ამ პროექტსაც ერთად ვახორციელებთ, რადგან ორი წამყვანი ინსტიტუციის – ფინანსური და კულტურული – თანამშრომლობა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან დადებით შედეგებს იძლევა. დღეს უკვე პროექტი ცნობილია ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ის გამოჩნდა ქუჩებში, სოციალურ ქსელში, ჩვენ დავიწყეთ ექსკლუზიური ქსოვილის წარმოება მუზეუმში და მოთხოვნა მასზე ძალიან დიდია. ადამიანები მიხვდნენ, ყველაზე მთავარს, რომ ჩვენი წინაპრები იმოსებოდნენ გემოვნებით და, რაც მთავარია, მრავალფეროვნად. ჩვენ გვიყვარდა ფერადი გარემო ჩვენ გარშემო, ეს ეტყობა მეფეების და დედოფლების ჩაცმულობას. ეს სიფერადე თბილისის და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში თუ უფრო მეტი იქნება, მე როგორც მუზეუმის დირექტორი, ბედნიერი ვიქნები“, – აცხადებს გიორგი კალანდია.

No Comments Yet

Comments are closed